გორში XVII საუკუნის ეკლესიას ეროვნული კატეგორია მიენიჭა

© FB / Cultural Heritage of GeorgiaXVII საუკუნის ეკლესია სოფელ ბობნევში
XVII საუკუნის ეკლესია სოფელ ბობნევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მდინარე ტანას მარცხენა სანაპიროზე განთავსებული ტაძარი 1661-1683 წლებში აშენდა

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. იოანე მახარობლის სახელობის ეკლესიას გორის რაიონის სოფელ ბობნევში ეროვნული კატეგორია მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა.

ტაძარი 1661-1683 წლებში აშენდა. ის განთავსებულია მდინარე ტანას მარცხენა სანაპიროზე, სოფელ ბუბნევთან. აგებულია დუღაბის სქელ ფენაში ჩაფლული კლდის ნამტვრევი ქვითა და რიყის ქვით. კარის წირთხლები კვადრატული ფორმის აგურითაა გამოყვანილი. ეკლესიის კარნიზი — მონაცვლეობით ბრტყლად და კუთხით დადებული აგურის ექვსი რიგითაა ნაწყობი (ე. წ. ხერხულა კარნიზი). ერთადერთი კარი სამხრეთ კედელშია. სამი ვიწრო სარკმელი აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია გაჭრილი, მათგან მხოლოდ აღმოსავლეთისა სრულდება თაღით, დანარჩენი ორი — სწორკუთხა მოყვანილობისაა.

კრამიტით გადახურული სახურავი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. სამხრეთ ფასადზე, კარის ზევით კედელში ჩადგმულ ფილაზე ხუთსტრიქონიანი მხედრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს, რომ ტაძარი იოსებ სააკაძემ. ტფილელმა მთავარეპისკოპოსმა (1620-1688) ააშენა.

ეკლესიის ინტერიერში, ნახევარწრიული აფსიდის ორსავ მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა, საკურთხეველში იატაკზე დგას ტრაპეზის ქვა. ინტერიერში ეკლესიის კედლები მხატვრობითაა დაფარული.

ეკლესიის კედლები წარწერებითაა დაფარული, კარის ქვეშ არის 14 სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. რომელიც ძალზე დაზიანებულია.

ასევე შემორჩენილია იოსებ სააკაძის გამოსახულება.

ჩატარებულია საკონსერვაციო სამუშაო — შელესილობის ქიმები გამაგრებულია. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრების სცენა, მის ქვემოთ მოციქულთა ზიარება, მესამე რეგისტრში ეკლესიის მამებია, სარკმლის ქვემოთ მაცხოვრის გამოსახულებაა.

ეკლესიის კედლებზე შემდეგი კომპოზიციებია: „ლაზარეს აღდგინება", „იერუსალიმში შესვლა", „ჯვარცმა"; „მაცხოვრის გამოცხადება მარიამის წინაშე", „ღმრთისმშობლის მიძინება", „ფერისცვალება", „სამი ჭაბუკი სახმილსა შინა", „მოსე სინას მთაზე", „ჯოჯოხეთს წარტყვევნა", „ამაღლება", „სული წმინდის მოფენა", „შობა", „მირქმა", „ნათლისღება" და სხვა.

კომპოზიციების ქვემოთ არის წარწერები ქართულ და ბერძნულ ენებზე. მხატვრობა თავისი სტილით ათონურ სკოლად გვაგონებს.

ყველა ახალი ამბავი
0