წლების განმავლობაში მარიამმა 50-ზე მეტი უპატრონო ცხოველი იხსნა შიმშილისგან და სიკვდილისგან. დღეს მარიამს 20 შინაური ცხოველი ჰყავს შეფარებული და დიდი სიყვარულით უვლის მათ.
— თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ცხოველებს ვუთმობ, რადგან ძალიან მიყვარს ისინი. ჩემი შინაური ცხოველების გარდა, ვზრუნავ ქუჩის მიუსაფარ ცხოველებზე. გარდა ამისა, ვაკეთებ ჰერბარიუმებს, მიყვარს, როგორც ფლორა, ასევე ფაუნა. მცენარეების მოვლა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სახლში სულ გვყავდა ოთხფეხა მეგობრები, აქედან გამომდინარე პატარაობიდანვე გამიჩნდა მათ მიმართ სიყვარული და ამას გამოვხატავდი მათთან ხშირი ურთიერთობით და მათზე მზრუნველობით.
პირველი ოთხფეხა მეგობარი იყო შავი კნუტი, სახელად კეკე, რომელიც მამიდაშვილმა მაჩუქა. განსაკუთრებით, ამის შემდეგ გამიჩნდა ცხოველების მიმართ სიყვარული. რამდენიმე წელში მე თვითონ მოვიყვანე წითური კნუტი, რომელიც ახლა ხუთი წლისაა და ძალიან მიყვარს.
- დღეს რამდენი კატა და ძაღლი ცხოვრობს შენთან?
— ამჟამად სამი ძაღლი, ხუთი კატა, ხუთი გასაჩუქებელი ლეკვი და სამი კნუტი მყავს. აგრეთვე ოთხი ქუჩაში ნაპოვნი, ახალდაბადებული კნუტი დროებით შეფარებული მყავს მეგობრის დედა ფისოსთან.
- ეს არც ისე ცოტაა. როგორ ახერხებ მათ მოვლას?
— მათი მოვლა არ არის ადვილი, მითუმეტეს როდესაც ამდენი ოთხფეხა მყავს სახლში და თან ძალიან ხშირად მიწევს დროებით, გაჩუქებამდე ქუჩაში გადაყრილი, დასნეულებული ან ტრავმირებული ცხოველების შეფარება. მათ მოვლაში მშობლებიც მეხმარებიან და ამას რამდენიმე საათს ვუთმობთ.
- როგორ აღნიშნე არა ერთი მიუსაფარი ცხოველი შეგიკედლებია, გადაგირჩენია. გაიხსენე ისინი… ყველაზე რთულად რომლის მდგომარეობა იყო?
— დიახ, ათეულობით ცხოველი შემიფარებია სახლში და განკურნების შემდეგ გამიჩუქებია. აგრეთვე ყოფილა შემთხვევა, როცა სახლში ცხოველების სიმრავლის გამო, ადგილი არ მქონია და მეზობლის სახლში შემიფარებია. ყველაზე რთულად პოინტერის ჯიშის ძაღლის მდგომარეობა იყო, რომელიც სავარაუდოდ კანის დაავადების გამო პატრონმა ქუჩაში გააგდო. როცა ვიპოვე ძალიან გამხდარი იყო, ჰქონდა გენერალიზებული კანის დაავადება-დემოდეკოზი და მხედველობის პრობლემაც. სამი თვე დასჭირდა მის მკურნალობას და ამის შემდეგ ახალ ოჯახში დაბინავდა.
- მშობლები როგორ უყურებენ შენი ცხოველების მიმართ დამოკიდებულებას? ხომ არ გიჯავრდებიან, როცა ახალი ცხოველი მიგყავს სახლში?
— მშობლები ჩემს დამოკიდებულებას ცხოველების მიმართ დადებითად უყურებენ. ისინი ყველანაირად ხელს მიწყობენ იმაში, რასაც ცხოველების კეთილდღეობისთვის ვაკეთებ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მშობლებს უპოვიათ ქუჩაში ცხოველი და მათ მოუყვანიათ სახლში.
- რაზე ოცნებობ ცხოვრებაში?
— ჩემი ოცნებაა მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა შემცირდეს და ადამიანების დამოკიდებულება ცხოველების მიმართ უკეთესობისკენ შეიცვალოს. ჩემი ოცნებაა გავხდე ვეტერინარი და ამ ოცნების განხორციელებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.