თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. მიმდინარე სეზონზე სამედიცინო ცენტრში მზით დამწვრობით 420 ადამიანი მოხვდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებაზე დაყრდნობით.
რამ ჩაანაცვლა ლეღვის ნახარში: დამწვრობის ცენტრს 60-მდე ადამიანმა მიმართა>>>
აქედან 50 პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას გადის, დანარჩენებს კი ამბულატორიული მომსახურება გაეწია. პაციენტებიდან დამწვრობის ცენტრში მკურნალობას 19-დან 26 წლამდე ასაკის ოთხი ქალი გადის, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ყველას ურჩევს – შუადღისას მზეზე ნუ გავლენ, განსაკუთრებით კი ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები.
„საუბარია 11:00-დან 17:00 საათამდე პერიოდზე. მშობლებს ვურჩევ, ბავშვები ზღვაზე პედიატრის რეკომენდაციის გარეშე არ წაიყვანონ", — განაცხადა ქაშიბაძემ.
რაც შეეხება ლეღვის ფოთლის ნახარშს, რომელსაც ძლიერი დამწვრობის გამოწვევა შეუძლია, წელს მისი გამოყენება მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა. პაციენტებმა მკურნალობა უკვე დაასრულეს.
საყურადღებოა, რომ ქართველი ქალბატონები საკუთარ რეცეპტებს იგონებენ ლამაზი რუჯის მისაღებად, რომელთა შორის, გარდა ლეღვის ფოთლების ნახარშისა, ასევე გვხვდება სხვადასხვა სახის კოქტეილები — ლუდის, კოკა-კოლის, ყავის, სოდისა და სტაფილოს შემცველობით. მათ გამოყენებას ხშირ შემთხვევაში მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა მოაქვს შედეგად.
ქაშიბაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიყენონ მზის დამცავი და დამწვრობის საწინააღმდეგო ლოსიონები და კრემები.