ადიგენში ოპოზიციონერ დეპუტატს სცემეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხბურთის თამაში გადაიზარდა ჩხუბში, რომელშიც მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დაშავდა

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დაბა ადიგენში სცემეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ზურაბ შაინიძეს, იუწყება Новости Грузия პარტიის ადიგენის ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, სიმონ პარუნაშვილზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ადიგენში აღნიშნავდნენ „შუამთობას“, რა დროსაც გაიმართა დოღი. დოღის შემდეგ იგეგმებოდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ ახალგაზრდებმა ერთმანეთში რაღაც ვერ გაიყვეს და იჩხუბეს.

სააკაშვილი: მე ისე ვარ დაკავშირებული გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან >>

„ჩხუბის დაწყების შემდეგ ზურაბ შაინიძე, რომელიც იქვე იმყოფებოდა, მიუახლოვდა, გააშველა ისინი და თავისი ახლობლები გაარიდა იქაურობას. ისინი გვერდზე გავიდნენ და ელოდებოდნენ მანქანას, რომელიც მათ სოფელში წაიყვანდა. ამ დროს მოულოდნელად მათ 60 ადამიანი მიუახლოვდა და ყველას ხელკეტებით ცემა დაუწყეს, მათ შორის ზურაბ და მის სტუმრებს“, — განაცხადა პარუნაშვილმა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს სამუშაო ადგილზე გაუსწორდნენ

პარტიაში მომხდარს შაინიძის პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირებენ და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.

„ეს რომ ერთეული შემთხვევა იყოს, ვიტყოდით, რომ ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი შემთხვევა, მაგრამ ეს უკვე მერამდენედ მოხდა. მსგავსი ამბები ადრეც ხდებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ზურაბ შაინიძემ არჩევნებზე გაიმარჯვა და მაჟორიტარი დეპუტატი გახდა“, — აღნიშნა პარუნაშვილმა.

პარუნაშვილის თქმით, შაინიძის და მისი ახლობლების ცემაში მონაწილეობდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აქტივისტები და მომხრეები.

„ისინი იმავე სოფლიდან არიან, ანუ ადიგენელები, „ოცნების“ მომხრეები — ვიღაცა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა, ვიღაცა — კოორდინატორია, იყვნენ ასევე რიგითი ამომრჩევლები“, — დასასრულს განაცხადა მან.

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ინციდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა და პოლიტიკას არ უკავშირდება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს „ნაცმოძრაობის“ დეპუტატის ცემის ფაქტზე გირაო შეეფარდა >>

„პარტიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ადიგენში ინციდენტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია. პოლიტიკური გაერთიანება ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და გამორიცხავს ვინმეს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარს შსს იძიებს. პოლიციამ უკვე გამოკითხა ზურაბ შაინიძე.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „პირთა ჯგუფის მიერ ძალადობის“ მუხლით, რაც ჯარიმით ან 180-დან 240 საათამდე ვადით საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0