თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარასკევს ცნობილ ტერორისტ ახმედ ჩატაევთან კავშირისთვის დაკავებული პირები ბრალდებულად ცნო და სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეუფარდა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ.
იყო თუ არა მაჩალიკაშვილი ჩატაევის თანამზრახველი — საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა >>
13 წლით პატიმრობა მიესაჯა შოაიფ ბორზიევს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის მასშტაბური სპეცოპერაციის დროს თბილისში 2017 წლის 21-22 ნოემბერს დააკავეს.
პატიმრობის 12 და 11 წელი მიესაჯათ რამაზ მარგოშვილსა და რუსლან ალდამოვს. ისინი პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 2017 წლის 26 დეკემბერს დააკავეს.
პატიმრობის 11 და 10 წელი მიესაჯა ანატოლი ბერძენიშვილს და ზურაბ იდოიძეს, რომლებიც თბილისსა და ახმეტაში მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს.
საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს — ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობაში ბრალდებულ რუსლან შავაძეს, რომელიც გამოძიებას ემალება, 13 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია და, რა თქმა უნდა, ჩვენ მას გავასაჩივრებთ“, — განაცხადა ქარქაშაძემ.
საქართველოს პროკურატურა განსხვავებულად მსჯელობს.
„ჩვენ გვქონდა ძირითადი მტკიცებულება ვიდეო, სადაც პირდაპირ ჩანდა შოაიფ ბორზიევი ახმედ ჩატაევთან ერთად, რომელიც იყო შეიარაღებული. რუსლან შავაძესთან მიმართებაში კი დავკითხეთ სასამართლოში მოწმე, რომელსაც შავაძესთან ჰქონდა კომუნიკაცია სირიაში ყოფნის პერიოდში და ამ ადამიანს მუდმივად უგზავნიდა ვიდეოებს, ფოტოებს, რომელიც ასახავდა მის მონაწილეობას სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
„დაისაჯონ დამნაშავეები!“ — სუს-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა >>
ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ასევე გადიან ზურაბ გორნაკაშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი. მათი საქმეები ცალკე განიხილება.
ისინი დააკავეს ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდეგ, რომელიც თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თითქმის ერთი დღე-ღამე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს მიმდინარეობდა. სპეცოპერაცია დასრულდა იბრაგიმ ადაშევისა და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაციით, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა.
მოგვიანებით დადგინდა, რომ ყველა აღნიშნული პირი რუსეთის მოქალაქეა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ისინი საქართველოსა და თურქეთში არსებული დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს ამზადებდნენ.