საქართველოში ხე–ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა დაიწყო

გამოწერა
საქართველოს რვა რეგიონში ხე–ტყის უკანონო ჭრის ფაქტების გამოსავლენად შემოწმებები ხუთშაბათს დაიწყო

თბილისი,  26 ივლისი — Sputnik.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა  ერთი დღის განმავლობაში არარეგისტრირებული  20 ხის სახერხი და ასევე ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა ამოიღეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

საგამოძიებო სამსახურმა  ხე–ტყის უკანონო ჭრის ფაქტების გამოვლენის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა ხუთშაბათს დაიწყო. შემოწმებები ტარდება კახეთის, იმერეთის, აჭარის, გურიის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონებში. პრობლემური სვანეთის ორი სოფელი – ჭუბერი და ცაიში აღმოჩნდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სოფელში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები არ შეუშვეს, რის გამოც ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის გამოძახება გახდა აუცილებელი. 

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში ხე–ტყის იმპორტი დღგ–სგან თავისუფლდება

ამ ეტაპზე საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება ხე — ტყის გადამამუშავებელ 39 საწარმოში, ასევე დამატებით გამოვლენილი იქნა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 20 საამქრო. ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა. ამასთან,  ხე-ტყის მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით, საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების თანამშრომლები  თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე — ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე  ინვენტარიზაციას ატარებენ.

უწყების მონაცემებით, შემოწმების მიზეზი ქვეყენაში ხე–ტყის ჭრის შემთხვევების გაზრდა გახდა.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კვლავაც ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს და შეასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს და გამოავლენს და აღკვეთს ხე — ტყის უკანონო მოპოვება — რეალიზაციის ფაქტებს. კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ჩართულია აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ან ხელს აფარებს ამ დანაშაულს“, –  ნათქვამია განცხადებაში. 

რაც შეეხება სვანეთში ინციდენტს, იქ ამ დრომდე რჩებიან პოლიციის რაზმები. გადაკეტილია მესტიის საკურორტო სოფლის ზუგდიდთან დამაკავშირებელი გზა. ადგილობრივები პოლიციის სოფლიდან გასვლას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ ხე–ტყის მოჭრა მათი ერთადერთი საარსებო საშუალებაა, რომელსაც სახელმწიფო მათ ართმევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0