თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველო იწყებს პრეტენდენტი ფილმის შერჩევას ამერიკული კინოაკადემია "ოსკარის" პრემიისთვის ნომინაციაში "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი". განაცხადების მიღება, ტრადიციისამებრ, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა.
როგორც კინოცენტრში აღნიშნავენ, განაცხადების მიღება 2018 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფილმებს, რომლებიც აკმყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე, 7 დღის ვადაში უწყვეტად უნდა აჩვენებდნენ საქართველოს კინოთეატრში;
- უნდა ჰქონდეს ინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, ტრეილერი);
- მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში (ან მიწვეული უნდა იყოს ასეთზე და მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის 30 სექტემბრამდე);
- კინოთეატრში გამართულ პრემიერამდე არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით;
- შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები;
სპეციალური კომისია ერთ-ერთ ფილმს ფარული კენჭისყრით შეარჩევს. ფილმების საკვალიფიკაციო ჩვენება კომისიის წევრებისთვის აგვისტოს ბოლოს გაიმართება.
„მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა">>
კინოაკადემია „ოსკარის" ადმინისტრაციამ რიგით 91-ე ცერემონიის გამართვის თარიღი უკვე შეარჩია — 2019 წლის 24 თებერვალი.