თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ათენთან ახლოს ტყის ძლიერი ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს მიაღწია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.
მსხვერპლს შორის ბევრი ბავშვია.
ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, სამშაბათ დილას კიდევ 24 ცხედარი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ისინი ხანძრისგან თავდასაღწევად ზღვამდე მიღწევას ცდილობდნენ.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძრის გამო სულ ცოტა 69 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. მათგან ბევრი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ცეცხლს ებრძვის ათეულობით მეხანძრე, სამი სახანძრო თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი, მაგრამ ძლიერი ქარის გამო ხანძარს ვერ აკონტროლებენ. საბერძნეთის ხელისუფლებამ ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთითა და დასავლეთით განლაგებულ რაიონებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო.