თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი იმართება, იუწყება პირველი არხი.
ფესტივალში მონაწილეობას 16 თეატრი მიიღებს, აქედან 12 — ქართულია. რაც შეეხება უცხოურ თეატრებს, საქართველოს ეწვევა ირანის, უკრაინის, პოლონეთის და ინგლისის თეატრების დასები.
წელს ფესტივალი უცხოელი სპეციალისტების მრავალრიცხოვანი მასტერ-კლასებით იქნება დატვირთული.
ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობის ავარიული მდგომარეობის გამო სპექტაკლები და პერფორმანსები მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და საგამოფენო დარბაზებში ჩატარდება.
ფესტივალის დირექტორის, თენგიზ ხუხიას თქმით, შენობის ავარიულობა ფესტივალის გადატანის და სხვა ქალაქში ჩატარების მიზეზი კინაღამ გახდა.
„ბევრი სპექტაკლის ჩამოტანაზე უარი ვთქვით, რადგან შესაბამისი ინტერიერი არ არის. ასევე გვექნება გასვლა ქუთაისში, ბათუში, ოზურგეთსა და ურეკში“, — განაცხადა დირექტორმა.
ფესტივალი 10 დღეს გასტანს და 30 ივლისს დაიხურება.
ქვესტი ქართულად: არგონავტების საგანძურის მოსაძებნად – ყველანი ფოთში >>
თეატრალური ფესტივალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2015 წელს დააარსა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდმა „დღეს“. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია საქართველოს დამსახურებული არტისტი ნინელი ჭანკვეტაძე.