თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ბრიტანელი კონსერვატორები საარჩევნო სისტემის რეფორმას მოითხოვენ და Brexit-ზე მეორე რეფერენდუმის გამართვის აუცილებლობის საკითხს აყენებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ამ მოთხოვნის მიზეზი გახდა გამოძიების შედეგების გამოქვეყნება, რომელიც ასახავს 2016 წელს დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების წინ მიმდინარე კამპანიისას დარღვევებს.
ამასთან დაკავშირებით ბრიტანელმა კონსერვატორებმა დაიწყეს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნის დაყენება.
უფრო ადრე, 6 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ კონსერვატორებთან თათბირზე დაჟინებით მოითხოვა Brexit-ის პირობების შემსუბუქება, რამაც ზოგიერთი მაღალჩინოსნის უკმაყოფილება გამოიწვია.
პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გუშინ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მეორე რეფერენდუმი არავითარ შემთხვევაში არ ჩატარდება.
თუმცა, უფრო მეტი ბრიტანელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ პირველი რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, მთავრობა აჭიანურებს Brexit-ისთვის მზადების პროცესს და ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წარუმატებლად აწარმოებს. ხელმეორე რეფერენდუმის ჩატარების მომხრეები მიიჩნევენ, რომ ზემოაღნიშნული საკითხები საკმარისი საბაბია მეორე რეფერენდუმის ჩატარებისთვის.
ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.