თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის პარტიათშორისი კომიტეტი, რომელიც Brexit-ის საკითხებზე მუშაობს, შეშფოთებულია, რომ ქვეყნის პრემიერ ტერეზა მეის, მათი აზრით, არასაკმარისად აქვს გათვლილი ის ურთიერთობები, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში უნდა ჩამოყალიბდეს ევროპულ გაერთიანებასთან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
გასულ კვირაში ტერეზა მეიმ ოფიციალურად აცნობა ბრიუსელს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე. მისი მტკიცებით, იმ ხელშეკრულებებზე მუშაობა, რომლებშიც ევროკავშირიდან გასვლისა და გაერთიანებასთან ურთიერთობის პირობები იქნება გაწერილი, ერთდროულად უნდა მიმდინარეობდეს. მაგრამ ევროკავშირის ბევრ ლიდერს მიაჩნია, რომ ჯერ გასვლის პირობები უნდა შეთანხმდეს.
ტერეზა მეი დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან მომავალი ურთიერთობების თაობაზე შეთანხმების არარსებობის შემთხვევაშიც კი უნდა გავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ტარიფებზე დაბრუნების მანიშნებელი იქნება, და რომ „ცუდ შეთანხმებას სჯობს ის საერთოდ არ არსებობდეს“.
„მთავრობა აცხადებდა, რომ უმალ გადადგება, ვიდრე ცუდ შეთანხმებას მოაწერს ხელს, მაგრამ ჯერ არ აუხსნია, სახელდობრ რა პირობები იქნება ბრიტანეთისთვის შეთანხმების არარსებობაზე უარესი“, — ნათქვამია კომიტეტის მოხსენებაში.
Brexit-ის საკითხების მინისტრი დევიდ დევისი ეთანხმება კომიტეტის მოსაზრებას, რომ მთავრობამ უნდა გააანალიზოს მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარი და ამიტომ მინისტრთა კაბინეტი ამით აუცილებლად დაკავდება.
შეგახსენებთ: დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები Brexit-ის თაობაზე ორ წელს გაგრძელდება. ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.