რა იცვლება საქართველოს მთავარ პროკურატურაში

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველად 1995 წლის შემდეგ პროკურატურა აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ხდება.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება აღარ იქნება, განუცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „Sputnik–საქართველოს“.

„კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ პროკურატურის – როგორც საგამოძიებო, გამოძიებაზე ზედამხედველობისა და ბრალის წამყენებელი ორგანოს განსაკუთრებული სტატუსი განსაზღვრა“, – აღნიშნა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

დავით მათიკაშვილი იმ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო, რომელმაც კონსტიტუციის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებაზე იმუშავა.

„იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ პროკურატურა უნდა იყოს ზეპარტიული და თავის გადაწყვეტილებებში აბსოლუტურად მიუკერძოებელი, კომისიამ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება პროკურატურის ცალკე უწყებად ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამეტის წინაშე იქნება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როგორც კი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება, ძალაში შევა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და ამჟამინდელი მთავარი პროკურატურა გენერალური პროკურატურა გახდება.

„ამ ცვლილების ძირითადი მიზეზი სწორედ ის არის, რომ გამოძიება იყოს მიუკერძოებელი, ბრალდების წამყენებელი მთავარი პირი ქვეყანაში იყოს თავისუფალი ყოველგვარი პარტიული ზემოქმედებისგან და არც ვერტიკალურ დაქვემდებარებაში არ იმყოფებოდეს იუსტიციის მინისტრთან ან პრემიერ-მინისტრთან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შალვა თადუმაძე - Sputnik საქართველო
შალვა თადუმაძე საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა

ცვლილებების თანახმად, გენერალური პროკურორი წელიწადში ერთხელ წარდგება პარლამენტის წინაშე ანგარიშით, რომელიც არ შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, არამედ იქნება ტენდენციებზე და მიმართულებებზე.

დეპუტატის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ასევე შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზეც, რადგან ბევრი კანონი არის მოსაყვანი კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში და გამონაკლისი არც „პროკურატურის შესახებ“ კანონია.

რაც შეეხება ახლად არჩეულ მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ ის ჩვეულებრივად  გააგრძელებს მუშაობს, ოღონდ ქვეყნის გენერალური პროკურორის რანგში.

დღეს საქართველოს პროკურატურა არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრის წარდგენით ამტკიცებს საპროკურორო საბჭო; კანდიდატურა შემდგომ წარედგინება საქართველოს მთავრობას; მთავრობის თანხმობის შემდეგ მთავარ პროკურორს ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით.

პროკურატურა - სიმბოლიკა - Sputnik საქართველო
ბრძოლა მთავარი პროკურორის სავარძლისთვის გრძელდება – დარჩა სამი კანდიდატი

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით 2008 წლის 10 ნოემბრიდან შევიდა. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად, პროკურატურის სისტემას საერთო ხელმძღვანელობას უწევდა იუსტიციის მინისტრი. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობდა მთავარი პროკურორი, რომელსაც 2008–2013 წლებში იუსტიციის მინისტრის წარდგენით თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა საქართველოს პრეზიდენტი.

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციისა და 1997 წლის 21 ნოემბერს მიღებული „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, საქართველოს პროკურატურა წარმოადგენდა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებას, რომელიც ახორციელებდა სისხლის სამართლებრივ დევნას, ზედამხედველობდა მოკვლევას, სასჯელის მოხდას, მხარს უჭერდა სახელმწიფო ბრალდებას. გენერალურ პროკურორს საქართველოს პრეზიდენტის წარდგენით 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავდა პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

მანამდე კი, 1992 წლის 11 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ დაამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის დროებითი დებულების“ თანახმად, პროკურატურა წარმოადგენდა ერთიან, ცენტრალიზებულ, დამოუკიდებელ ორგანოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საბჭოს მიერ დანიშნული გენერალური პროკურორი და რომელიც ანგარიშვალდებული იყო სახელმწიფო საბჭოს წინაშე.

 

ყველა ახალი ამბავი
0