თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ტყიბულში „მინდელის“ შახტზე აფეთქების შედეგად დაშავებული ორი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება, შესაძლებელია გართულებები, იუწყება Pirveliradio ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოზე დაყრდნობით.
ტრაგედია ტყიბულში: ექსპერტები მიზეზებს ადგენენ >>
ორშაბათს გამთენიისას ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მორიგი ტრაგედია დატრიალდა — დაიღუპა ოთხი მეშახტე და დაშავდა ექვსი. წინასწარი ინფორმაციით, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ერთ-ერთი დაშავებული მეშახტე მალე გაწერეს საავადმყოფოდან, რადგან მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. დანარჩენები თბილისში გადაიყვანეს.
„ხუთ დაშავებულ მეშახტეს თბილისში გადმოიყვანენ. ერთი უკვე მოიყვანეს 25%-იანი დამწვრობით, მეორე პაციენტსაც მალე შემოიყვანენ. ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, მათ რეანიმაციული მკურნალობა სჭირდებათ. დანარჩენები საბედნიეროდ საშუალო სიმძიმის არიან. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინონ. დიდი ფართობის დამწვრობაა და რთულია პროგნოზირება. მათ ინტენსიური მკურნალობა და ჩარევა სჭირდებათ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ორ მეშახტეს ხელებზე კანის გადანერგვის ოპერაციები ჩაუტარდებათ, განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
„რაც შეეხება ორ მძიმე პაციენტს, რომლებიც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული, მათი მდგომარეობა მძიმე რჩება. ახლა გადაწყდა, რომ ხვალ ერთ-ერთ პაციენტს ორივე მტევნის შესანარჩუნებლად კიდურებზე კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება, მეორე პაციენტის იგივე ოპერაცია ზეგისთვის არის დაგეგმილი“, — განაცხადა ქაშიბაძემ.
დამწვრობის ცენტრშიო მოთავსებული კიდევ ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით უკეთესია.
„მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და რამდენიმე დღეში ისინი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან“, — აღნიშნა ქაშიბაძემ.
სავარაუდოდ, სტაციონარს მალე დატოვებს მეხუთე მეშახტე, რომელმაც ტრავმები მიიღო.
ტრაგედიის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შახტი უნდა დაიხუროს.
ილია მეორემ ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა >>
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით.