თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ორი მაშველი კვადროციკლით კურორტ გოდერძიზე ხევში გადავარდა. ერთი მაშველი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
უბედური შემთხვევის დროს მთის კურორტების სააგენტოს თანამშრომლები შემოვლაზე იმყოფებოდნენ. დაღუპული მამაკაცი 23 წლისაა.
„გარდაცვლილი, სავარაუდოდ, პროზექტურაში გადაასვენეს. დაშავებული კი, ჩემი ინფორმაციით, არ არის მძიმე მდგომარეობაში. ის კურორტზე რჩება", – განაცხადა ხულოს მერის მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება მიმდინარეობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით, რაც ხუთ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.