თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ბათუმის შესასვლელში ერთკილომეტრიანი, ოთხზოლიანი ესტაკადა გაიხსნა, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
„აქ მუდმივად იყო საცობები, მე პირადადაც მომიწია ბევრჯერ, განსაკუთრებით, წვიმის დროს დგომა ამ მონაკვეთზე და ნამდვილად იქნება ბევრად უფრო უსაფრთხოც გადაადგილება და ბევრად უფრო კომფორტული ბათუმელებისთვის, პირველ რიგში, რომლებიც ყოველდღე სარგებლობენ ქალაქის ამ ნაწილით“, – განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
აჭარის მთავრობის მონაცემებით, ესტაკადა სრული დატვირთვით სექტემბრიდან ამუშავდება. მისი მშენებლობის ფარგლებში აიგება ხუთი გზა, რომლებიც ერთმანეთს დააკავშირებს ცენტრალურ ხიდს, პორტსა და ესტაკადას.
ესტაკადისა და დამატებითი გზების მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 15,3 მლნ ლარი გამოიყო.