თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ტურისტული სეზონისთვის ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და 18-კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა ორ ლოტად მიმდინარეობდა. პირველი მონაკვეთის — 13,7-კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, მეორე მონაკვეთის მშენებლობა კი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. პირველი და მეორე მონაკვეთების საერთო სიგრძე ჯამში 31,7 კილომეტრია, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ქობულეთის ზღვისპირა ზოლი სრულად განიტვირთოს სატრანზიტო მოძრაობისგან.
გამოქვეყნდა გზების მსოფლიო რეიტინგი: რომელ ადგილზეა საქართველო>>>
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით ამცირებს.
ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
„ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ამ გზით ბევრი სოფელი დაუკავშირდება ცენტრალურ მაგისტრალს. ზღვისპირა ზოლიდან სატრანსპორტო მოძრაობის ახალ გზაზე გადასვლა რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას ხელს შეუწყობს”, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვებით, აჭარა ტურისტულ სეზონს უფრო გამართული ინფრასტრუქტურით ხვდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ რეგიონმა უფრო მეტ ტურისტს უმასპინძლოს.
ქობულეთის შემოვლით გზაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით 2 გვირაბი და 15 ხიდი აშენდა, მათ შორის არის სოფელ საჩინოსთან ახალი ტექნოლოგიით აშენებული საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია.
პროექტი აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დააფინანსა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 210 მლნ ლარამდეა.
საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება პროექტები როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორებში. სახელმწიფო სექტორში ძირითადად ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები: გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტები.
დღეისათვის ADB-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით 2,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.