სუს-მა თანხების მითვისების ბრალდებით ხუთი ადამიანი პასუხისგებაში მისცა

© Pixabay / 3839153დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთო ჯამში სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა 114 814 ლარი შეადგინა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ხუთი ადამიანი პასუხისგებაში მისცა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გოჩა ლ. და სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ალექსი მ.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს შპს „ფუძის" დირექტორი ილია ნ., მშენებელი ჯემალ მ. და ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „იმედის" დირექტორი იოსებ ტ.

დაკავება - Sputnik საქართველო
სკანდალი მარტვილის მერიაში: თაღლითობის ბრალდებით რამდენიმე საჯარო მოხელე დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა დაბა მანგლისში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ფუძე", რომელთანაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა.

ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ფუძეს" უნდა შეესრულებინა 1 250 000 ლარის ღირებულების კანალიზაციის სისტემის მოწყობის სამუშაოები.

შპს „ფუძის" დირექტორმა ილია ნ.-მ, მშენებელმა ჯემალ მ.-მ და ქვეკონრაქტორი კომპანია შპს „იმედის" დირექტორმა იოსებ ტ.-მ არასრულყოფილად შეასრულეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ დოკუმენტებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხებს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გოჩა ლ.-მ და ამავე სამსახურის სპეციალისტმა ალექსი მ.-მ, თავის მხრივ, არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, რის შედეგადაც საერთო ჯამში სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 114 814,17 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ყველა ახალი ამბავი
0