თბილსი, 6 ივლისი — Sputnik. საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
საქართველოს პარლამენტს ორი შენობა აქვს. ძველ შენობაში, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობს, საკომიტეტო მოსმენები ტარდება. ქუთაისში კი ახალი, თანამედროვე შენობა მდებარეობს, სადაც კანონშემოქმედებითი საქმიანობა და პლენარული სხდომები ტარდება.
ბრძოლა მთავარი პროკურორის სავარძლისთვის გრძელდება — დარჩა სამი კანდიდატი>>>
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, ძალაში შევა საკონსტიტუციო ცვლილებები. ამის შემდეგ, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი თავად საკანონმდებლო ორგანომ უნდა განსაზღვროს, ანუ კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების შეტანა არ იქნება საჭირო.
რეგლამენტის პროექტში, რომლის ავტორიც ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილია, მხოლოდ ქალაქი ქუთაისია მითითებული, რამაც მმართველი პარტიის რიგ დეპუტატებში უკმაყოფილება გამოიწვია.
„რეგლამენტში საერთოდ არ არის ნახსენები თბილისში არსებული პარლამენტი, სადაც ჩვენ შეხვედრებს ვატარებთ და გვიწევს მუშობა. კარგი იქნებოდა ადგილმდებარეობა არ ჩაიწეროს, რათა ჩვენ ორივე შენობის გამოყენება შევძლოთ“, – განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, ამ საკითხში შესაძლებელია დათმობები და პარლამენტი შეძლებს თბილისში მუშობის უფლების მოპოვებას.
„ზოგიერთმა დეპუტატმა პოზიცია გამოხატა, რომ ჩვენ უნდა მივუთითოთ ან პარლამენტის ორივე შენობა, ან არცერთი. ეს პოზიცია ბევრმა კოლეგამ გამოხატა და ჩვენ ამ საკითხს უმრავლესობაში განვიხილავთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ცვლილებების შემდეგ პლენარული სხდომები შეიძლება თბილისში ჩატარდეს.
„თუ ჩვენ შევთანხმდებით პარლამენტის ორი შენობა მივუთითოთ და რომ სესიები მხოლოდ ქუთაისში არ უნდა ჩატარდეს, მაშინ პარლამენტი თბილისში სხდომების გამართვის უფლებას მიიღებს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
ამ დროისთვის რეგლამენტის პროექტი საკომიტეტო მოსმენების ფორმატში იხილება. პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხთან ერთად, ის ითვალისწინებს პარლამენტის მუშაობაში ცვლილებებსა და საკანონმდებლო ორგანოს უფლებების გაფართოებას მთავრობის მუშაობაზე კონტროლის კუთხით.