ბრძოლა მთავარი პროკურორის სავარძლისთვის გრძელდება – დარჩა სამი კანდიდატი

© photo: Sputnikპროკურატურა - სიმბოლიკა
პროკურატურა - სიმბოლიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარი პროკურორის პოსტზე კანდიდატები შეარჩია არა იუსტიციის მინისტრმა, რადგან ის შვებულებაშია, არამედ მისმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც ამჟამად მინისტრის მოვალეობას ასრულებს, პროკურორთა საბჭოს ქვეყნის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარუდგინა.

მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მაისს საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნით ირაკლი შოთაძე გადადგა. აქციები ხორავას ქუჩაზე ორი 16 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

„იუსტიციის მინისტრისთვის მთავარი პროკურორობის კანდიდატობის მსურველთა წარდგენის ვადა 4 ივლისს ამოიწურა. კანდიდატებიდან შერჩეული და საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენილ იქნა სამი კანდიდატი — შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი", — განაცხადა სარჯველაძემ ბრიფინგზე.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა, როდის ეყოლება საქართველოს ახალი მთავრობა

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი იყო 21 განაცხადი.

ამჟამად ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა შალვა შავგულიძეს აქვს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე სამი მოქმედი პროკურორის კანდიდატურა იყო წარდგენილი — თამარ კერესელიძის, ირაკლი ნადარეიშვილისა და ლევან ძნელაძის, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ არჩევანი საზოგადოებრივი ინტერესისა და პროკურატურის რეფორმებიდან გამომდინარე გააკეთა.

სარჯველაძე იუსტიციის მინისტრის მოვალეობას ასრულებს, რადგან თეა წულუკიანი უკვე ერთი კვირაა შვებულებაშია.

შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურატურა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ნაწილია, დამოუკიდებელი უწყება — გენერალური პროკურატურა გახდება.

ახლა პროკურორთა საბჭო დასახელებული სამიდან ერთ კანდიდატს ფარული კენჭისყრით შეარჩევს. მანამდე კანდიდატებს გასაუბრების გავლა და საბჭოს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

კანდიდატის მთავარ პროკურორად დანიშვნა პარლამენტის პრეროგატივაა. მას დეპუტატების ნახევარზე მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი, ანუ 76-მა დეპუტატმა.

უფრო ადრე უკვე ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა პარლამენტს საზოგადოების ფართო კონსენსუსის საფუძველზე წარედგინებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0