ზოგიერთისთვის დიაბეტი სასიკვდილო განაჩენია – როგორ უმკლავდება 13 წლის ლაშა დიაბეტს

გამოწერა
ლაშა ბაქაქური ენერგიული, სიცოცხლით სავსე ერთი თბილისელი ბიჭია. ის 133-ე საჯარო სკოლაში სწავლობს. იტაცებს კალათბურთი და „კუბიკ რუბიკის“ აწყობა. ლაშას ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში მიდიოდა, რომ არა ერთი უჩვეულო დღე, რომელმაც ლაშას ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

ექიმებმა დიაბეტი — ტიპი ერთი დაუდგინეს. ოჯახისთვის ეს სრულიად მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო, თუმცა ლაშას გული არ გაუტეხავს, პირიქით, მშობლებს აქეთ ამხნევებდა. ბევრი რომ არ გესაუბროთ, უბრალოდ გეტყვით, ლაშამ დიაბეტთან ერთად ცხოვრება დაიწყო, მიხვდა, რომ ეს არ არის დაუძლეველი დაავადება და სწორი კვებით, ჯანსაღი ცხოვრების წესით უმკლავდება მას.

© photo: courtesy of Lasha Bekakuriლაშა ბაქაქური
ლაშა ბაქაქური - Sputnik საქართველო
ლაშა ბაქაქური

— ზუსტად ერთი წელია, რაც დამიდგინდა დიაბეტი — ტიპი ერთი, ანუ ინსულინდამოკიდებული ვარ. განსაკუთრებული სიმპტომები არ მქონია, უბრალოდ გამიძლიერდა წყურვილის შეგრძნება და ჩვეულებრივზე ადვილად ვიღლებოდი.

– მას შემდეგ, რაც დიაბეტის დიაგნოზი დაგისვეს, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება?

— 2017 წლის 3 ივნისიდან ხელახლა დავიბადე და თან ერთ დღეში გავიზარდე. დიაბეტთან ერთად თანაცხოვრების დაწყებაში დამეხმარნენ ჩემი ექიმი, დიაბეტური სკოლა და ჩემი პალატის მეგობარი. გავიცანი დიაბეტი და მივხვდი, რომ მასთან ერთად ცხოვრება შემეძლო ისე, როგორც მე მინდოდა, მთავარია მესწავლა მისი მართვა. საოცრად გავძლიერდი, არც დიეტა მეჩვენებოდა განსაკუთრებულ სირთულედ. პირველ დღეებში დედას ვამხნევებდი, რომელიც ვერაფრით ეგუებოდა ჩემ ახალ მდგომარეობას.

© photo: courtesy of Lasha Bekakuriლაშა ბაქაქური
ლაშა ბაქაქური - Sputnik საქართველო
ლაშა ბაქაქური

– ჯერ საკმაოდ პატარა ხარ, არ გაგიჭირდა დიეტის დაცვა, ტკბილეულზე უარის თქმა?

— ალბათ გამიჭირდა, მაგრამ არც კი მიფიქრია ამაზე. სხვა იმდენ რამეზე და ვინმეზე ვფიქრობდი, იმდენი ემოცია და აზრი ტრიალებდა ჩემ თავში, რომ ტკბილეულზე უარი ყველაზე მარტივ პრობლემად მეჩვენებოდა და მეჩვენება დღემდე. თან არსებობს მცენარეული შაქარი და როცა მინდა მისგან ათასგვარ ტკბილეულს ვამზადებ. მართალია, საათობრივი კვება მზღუდავს და კვებებს შორის ვერაფერს ვჭამ, მაგრამ ამასაც შევეჩვიე. ვიკვებები დღეში სამჯერ – საუზმე, სადილი და ვახშამი. ყველა კვებისა და ძილის წინ ვიკეთებ ინექციას.

– როგორ ისწავლე დიაბეტის მართვა?

— ინსულინი ჰორმონია, რომელსაც ვერ გამოყოფენ ჩემი დაღუპული ბეტა უჯრედები. მე ბუნებრივ პროცესს ხელოვნურით ვანაცვლებ. სხვა არაფრით არ განვსხვავდები ჩვეულებრივი ადამიანებისგან. ვიკვებები ჯანსაღად და სწორად. იმასაც მივხვდი, რომ ღმერთს უნდა ძლიერი ნებისყოფა ჩამომიყალიბდეს. მან ჩემი სიცოცხლის კონტროლის საშუალება მომცა და არჩევანი ჩემზეა…

ჩემი დილა იწყება შაქრის დონის კონტროლით, ინსულინის გაკეთებით, შემდეგ ვსაუზმობ. ვიკვებები მაქსიმალურად ნატურალური პროდუქტებით. ვიღებ მხოლოდ საჭირო რაოდენობის ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს.

© photo: courtesy of Lasha Bekakuriლაშა ბაქაქური
ლაშა ბაქაქური - Sputnik საქართველო
ლაშა ბაქაქური

– სოციალურ ქსელში განთავსებულია ვიდეოები, სადაც თანატოლებს დიაბეტის შესახებ აწვდი ინფორმაციას. რას ემსახურება ეს ვიდეოები და რატომ გაგიჩნდა მათი ჩაწერის სურვილი?

— ვთვლი, რომ დიაბეტმა სულიერადაც გამზარდა. ვისწავლე სხვებზე ზრუნვა. აღმოჩნდა, რომ საზოგადოების უმრავლესობისთვის დიაბეტი სასიკვდილო განაჩენია, სიბრალულს ვგრძნობდი ყველასგან. ამიტომ გავაკეთე საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც სკოლაში დავარიგე, გადავიღე ვიდეო. ჯერ კიდევ ბევრი იდეა მაქვს. ყველას მინდა გავაგებინო, რომ მე ძლიერი ვარ, ჯანმრთელი, ჯანსაღად ვცხოვრობ და სწორად ვიკვებები. მე ძლიერი ვარ, რადგან უკვე 13 წლის ბიჭმა ვიცი, რომ ცხოვრება მარტივი არაა, მაგრამ უნდა გავუმკლავდე.

ვიცი, როგორ ვიმოძრაო პიკის საათებში საცობში ისე, რომ არ დავიმტვრე (ერთ-ერთი მეცნიერის შედარება). მე არც სიჩქარის შენელებას ვაპირებ! მე შემიძლია ვიყო ინსულინდამოკიდებული და თან დამოუკიდებელი ცხოვრებაში.

– რას ეტყვი იმ ბავშვებს, ვინც ახლა გადის იმ ეტაპს, რაც შენ უკვე გადალახე?

— დაარწმუნეთ თქვენი თავი, რომ ღმერთის რჩეული ტკბილი ბავშვი ხართ! არ შეეგუოთ სხვისგან სიბრალულს, რადგან საწყალი გამარჯვებული ვერ იქნება. ახალი, რთული, მაგრამ ამავე დროს საინტერესო გზა ახლა იწყება.

და, ბოლოს, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ და გთავაზობთ ლაშას დაწერილ ლექსს, რომელიც თავის დაავადებასა და ცხოვრებას მიუძღვნა:

როდესაც ყველა სხვაგვარად „გიმზერს“,
უვიცებს როცა ჰგონიათ „კვდები“
სიბრალულია მათგან „იმედი“,
თანადგომას კი „საწყალი“ ჰქვია.
სინამდვილეში ძალა ჩვენშია,
უფლისგან უხვად მონიჭებული,
გული ძლიერი, მძიმე ცხოვრება
და განსაცდელთან არშეგუება.
ჩვენშია მხოლოდ ისეთი ძალა,
სხვებს ალბათ არც კი დაესიზმრებათ.
თმენა, გაძლება და სიყვარული
უფლის რჩეული ტკბილი შვილების.

 

ყველა ახალი ამბავი
0