თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. დედაქალაქის ბიუჯეტი მეორე კვარტალში პრაქტიკულად 100%-ით შესრულდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მან რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებსა და გამგეობების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მეორე კვარტალში ბიუჯეტის შესრულების ძალიან მაღალი მაჩვენებლები ძირითადად კეთილმოწყობისა და გზების მოვლა-შეკეთების მიმართულებით ფიქსირდება.
კალაძე კმაყოფილია — მერია თბილისის გენგეგმის პროექტს მალე დაამტკიცებს>>>
„შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესრულების მაჩვენებლები ძირითადად 100%-ს შეადგენს, რისთვისაც მინდა გამგებლებსა და თქვენს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანია ის ტემპი, რომელიც გვაქვს აღებული და ეს მეორე კვარტლის მონაცემებში უკვე იგრძნობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავჩერდეთ", — განაცხადა კალაძემ.
კალაძემ მაგალითად სამგორის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მუშაობა მოიყვანა.
„პირველ კვარტალში გზებისა და კეთილმოწყობის ნაწილში 10-20%-იანი შესრულება იყო. მას შემდეგ, რაც კონკრეტული ცვლილებები მოხდა და ახალი გამგებელი დაინიშნა, სამგორის რაიონის ორი კვარტლის შესრულების მაჩვენებელი გზების ნაწილში 99,97%-ს, ხოლო კეთილმოწყობის ნაწილში 99,96%-ს აღწევს", – განაცხადა კახა კალაძემ.
ქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა ასევე აღნიშნა, რომ მეორე კვარტალში ბიუჯეტის შესრულებამ პირველი კვარტლის მონაცემებს გაუსწრო.
„ეს არის ზუსტად ისეთი ხარისხი, რომელიც ჩვენ დედაქალაქს, მოსახლეობას სჭირდება და მხოლოდ ასეთი მუშაობის შედეგად შევძლებთ მივაღწიოთ იმ შედეგებს, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია და მხარი დაგვიჭირა", — განაცხადა კალაძემ.
კალაძემ მადლობა გადაუხადა მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს, ვინაიდან ძირითადი ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები სწორედ ამ სამსახურმა განახორციელა.