კალაძე ძველი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცობი თბილისში
საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 1,19 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული, აქედან 46%-ის ასაკი 20 წელზე მეტია.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. თბილისში ეკოლოგიური პრობლემის დასაძლევად რეფორმების განხორციელებაა აუცილებელი, რომლებიც შეიძლება მტკივნეული აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ კონფერენციაზე „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეფასების თაობაზე კონსენსუსის მშენებლობა". 

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" გამართულ კონფერენციაზე საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მიმდინარეობა, პირველადი შედეგები და სამომავლო ნაბიჯები შეაფასეს.

მძღოლების საყურადღებოდ – რას შეამოწმებენ ავტომობილების ტექდათვალიერებისას>>>

საქართველოში ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარეობს და 2019 წლის ბოლომდე ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა ავტომობილს ტექდათვალიერება ექნება გავლილი.

ავტომანქანა - Sputnik საქართველო
„ეს მტკივნეული პროცესი იქნება": კალაძე ტექდათვალიერებაზე

როგორც კალაძემ შეხვედრაზე განაცხადა, ეკოლოგიური პრობლემების გამოსასწორებლად პირველი, რაც ტექნიკურ ინსპექტირებასთან ერთად უნდა გაკეთდეს, ძველი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვაა.

მისი თქმით, ყოველწლიურად 7%-ით იზრდება უცხოეთიდან შემოყვანილი ავტომობილების მაჩვენებელი და მათი 98% ძველია.

„სრული კატასტროფაა, რაც თბილისში ხდება. დაახლოებით 500 ათასზე მეტი ავტომანქანა გადაადგილდება დედაქალაქში. ყოველწლიურად 7%-ით იზრდება უცხოეთიდან შემოყვანილი ავტომანქანების მაჩვენებელი და მათი 98% ძველია… ვფიქრობ, თუ არ იქნება გარკვეული რეფორმები განხორციელებული და გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, შეუძლებელი იქნება არსებული მდგომარეობის გამოსწორება", — აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენას გეგმავს, სადაც ასახული იქნება არსებული მდგომარეობის გამოსწორების გრძელვადიანი ხედვა და ღონისძიებები. რაც შეეხება ძველი ავტომობილების საკითხს, იგი  საქართველოს მთავრობასთან ერთად განიხილება და გადაწყდება, როგორ მოხდება მისი დარეგულირება.

საქართველოში 2018 წლის 1 ივლისიდან სავალდებულოა სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება. 1 ოქტომბრიდან სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას გაივლიან დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ), ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა მსუბუქი ავტომანქანა გაივლის.

ჰაერის დაბინძურება თბილისში: პარლამენტი ახალ ინიციატივებს ამზადებს>>>

ავტომობილები გმირტა მოედანზე - Sputnik საქართველო
თბილისი ეკოლოგიური პრობლემის წინაშე: ყველაზე დაბინძურებული ადგილი, მოძველებული ტრანსპორტი

მსუბუქი ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების გავლა შესაძლებელი იქნება აკრედიტებულ სერვის–ცენტრებში. მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების — 100 ლარი ეღირება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში დღეისათვის ტექნიკური ინსპექტირების 25 სერვის-ცენტრი ფუნქციონირებს (სულ 37 ხაზით). ისინი ისეა განლაგებული, რომ მაქსიმალურადაა მოცული ქვეყნის ყველა რეგიონი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ანგარიშის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ხოლო იელის უნივერისტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილზეა ჰაერის დაბინძურების კუთხით.

ყველა ახალი ამბავი
0