დიზაინერმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და ქართველი აუდიტორიის წინაშე ახალი კოლექციით წარსდგა, რომელმაც დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა.
— მოდის სფერო ძალიან რთული თემაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მოდის სფეროში კონკურენცია საკმაოდ დიდია. ბრენდი პოპულარული რომ გახდეს ძალიან დიდი შრომაა საჭირო. მე მეამაყება ყველა ქართველი დიზაინერი, რომელიც ბევრს შრომობს და თავის სიტყვას ამბობს მსოფლიო მოდის სფეროში. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნებშიც მოთხოვნადია ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი მოდელები.
- როგორ მოხვდით მოდის სფეროში?
— ყველაფერი 2012 წელს ერთ-ერთი პროექტით დაიწყო. ზოგადად ყოველ წელს ვახორციელებ ორ პროექტს. ამ პროექტებიდან ყველა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს წარმატებაში, ასევე ჩემს მომხმარებლებს, რომლებიც ჩემი ერთგულები არიან, მენდობიან და იციან, რომ შევქმნი ისეთ რაღაცას, რაც მათზე მორგებული იქნება.
- რას მოიცავს თქვენი ბრენდი?
— ჩემი ბრენდი მოიცავს აბსოლუტურად ყველაფერს — დაწყებული ტანსაცმლით, დამთავრებული აქსესუარით. ახლო მომავალში შევქმნი ბიჭების კოლექციას. ეს იქნება უნისექს ხაზი. ახალი კოლექცია გავაკეთე ქალებისთვის. შესაბამისად, რომ არ დაიჩაგრონ მამაკაცები, ზუსტად ექვს დღეში არის პრეზენტაცია ისევ უნისექს კოლექციის, ოღონდ მამაკაცების, რომლის ჩაცმა შეეძლებათ ქალებსაც.
დღესდღეობით ბრენდი არის მაღალ საფეხურზე. იგეგმება სხვადასხვა ქვეყნებში, შოურუმებზე და კონცეპტუალურ მაღაზიებში გაიყიდოს ჩემი ნამუშევრები. რაც შეეხება საქართველოს, ბრენდის მაღაზია არის დოლიძის შვიდ ნომერში, სადაც არის ატელიეც. ჩემს მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს ატელიეში, საკუთარი თვალით დანახული სტილი, თარგი შექმნას ჩემთან ერთად და შეიმოსოს ისე, როგორც თავად სურს. ასეთი შეთავაზება საქართველოში არც ერთ დიზაინერს არ აქვს.
- რით განსხვავდება თქვენი ბრენდი სხვა ბრენდისგან?
— რაც შეეხება განსხვავებას, აქ იკერება ერთი, ექსკლუზიური სამოსი და არ მეორდება არასოდეს. თუ ჩემი კოლექციიდან მომხმარებელს მოეწონება რომელიმე კონკრეტული სამოსი, დამიჯერეთ მისი მსგავსი არავის არ ექნება. შესაძლოა ეს კომერციულად ცუდი გათვლაა, მაგრამ ჩემთვის მოდა და ჩემი ბრენდი არ არის მხოლოდ კომერციული და ფინანსური მხარე. ეს ჩემთვის არის ხელოვნება და ის, რაც ძალიან მაბედნიერებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი „Nickola's“ ზოგჯერ კონტექსტიდან ამოვარდნილია, ქმნის ისეთ რაღაცეებს რასაც ყველა ვერ ჩაიცმევს, მაინც ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს. კონკრეტულ კოლექციებს ყავს ძალიან ცოტა მომხმარებელი. თავიდან, როცა ეს ყველაფერი დავიწყე, ველოდი კრიტიკას, თუმცა საბედნიეროდ ქართველმა მომხმარებლებმა კარგად მიიღეს და შესაბამისად ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი ვიშრომე, რომ ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა მოდის სფეროში. საბედნიეროდ ამ შრომამ შედეგი გამოიღო და ხალხმაც აიტაცა ეს ყველაფერი. როცა ადამიანი რაიმე საქმეს იწყებ, არასოდეს არ უნდა თქვა, რომ ეს მაქსიმუმია. უნდა იფიქრო, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს.
- თქვენი ახალი კოლექცია რით არის გამორჩეული ძველი კოლექციისგან?
— წინა კოლექცია იყო სპეციალური საღებავებით გაკეთებული. ზოგადად ჩემს ბრენდს სჩვევია ხელით შესრულებული ნამუშევრები. შევეცადე ყოფილიყო ინდივიდუალური ხაზი, რაც იხატებოდა ფუნჯით. ყველა მოდელს ეცვა თითო ექსკლუზივი. რაც შეეხება ახალ კოლექციას, არის ფერადი და განსხვავებული. ცალ-ცალკე კოლექციაა კაცებისთვის და ქალებისთვის. ეს არის კოლექცია (კაბსულა), რომელიც შედგება ხუთამდე სტილისგან. ვიდეო არტის საშულებით წარვადგინე ჩემი ნამუშევრები. ამაში ყოველთვის მეხმარება პროფესიონალი ვიდეოგრაფი ანრი შარაშენიძე, რომელთან ერთადაც გავაკეთე ეს ვიდეო არტი. ბრენდ „Nickola's“ სჩვევია განსხვავებული მოდელების შერჩევა, ამ ეტაპზე შევარჩიეთ თავგადაპარსული გოგოები. ბიჭების შემთხვევაშიც ვფიქრობთ შევარჩიოთ განსხვავებული მოდელები, რომ არ იყოს მხოლოდ ქართული და გათვლილი იყოს უცხოურ სეგმენტზეც.
- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
— რამდენიმე თვეში გაიხსნება ბრენდ „Nickola's“ კონცეპტუალური მაღაზია და Free style shop. ეს იქნება ბრენდ „Nickola's“ შვილობილი ბრენდი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ჩაიცვას ძალიან იაფად. მე დავამტკიცებ ამ ქვეყანაში, რომ სულაც არ არის საჭირო დიდი თანხის გადახდა ბრენდში, რათა ლამაზად და გემოვნებიანად ჩაიცვას ადამიანმა.