თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. მარტვილის კანიონში წყალქვეშა ცურვის მოყვარულთათვის წყალქვეშა ცურვის სერვისი აგვისტოდან ამოქმედდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ახალი სერვისის მეშვეობით ტურისტებს კანიონში ყვინთვის და წყალქვეშა სამყაროს ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.
„ვიზიტორი ყიდულობს დაივინგის ბილეთს და ინსტრუქტორთან ერთად ჩაყვინთავს კანიონში. ასევე ფუნქციონირებს ყველა ის სერვისი, რაც მანამდე იყო დანერგილი. მათ შორის ნავებით სეირნობა", — განაცხადა მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა ზაზა გაგუამ.
მისი ინფორმაციით, ტურისტული სეზონი მარტვილში აქტიურად მაისიდან დაიწყო და ამ ეტაპზე ვიზიტორთა რაოდენობა ყოველდღიურად თითქმის 3 ათას ადამიანს აღწევს.
წყალქვეშა ცურვისთვის განკუთვნილი ტერიტორია 300 მეტრი სიგრძისაა, ჩაყვინთვა კი 6 მეტრის სიღრმეზე იქნება შესაძლებელი. კანიონში ჩაყვინთვა იმ ტურისტებსაც შეეძლებათ, რომლებმაც ცურვა არ იციან.
როგორც „Sputnik-საქართველოს" მარტვილის კანიონის ვიზიტორთა მომსახურების ცენტრიდან აცნობეს, კანიონის ტერიტორიაზე შესვლა 9 ლარი ღირს, სტუდენტებისა და მოსწავლეთათვის 5 ლარი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი — 15 ლარი. ნავით გასეირნება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის 13 ლარი ღირს. რაც შეეხება წყალქვეშა დაივინგს, ბილეთის საფასური 50 ლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა Scuba Diving-მა მარტვილის კანიონი ევროპაში დაივინგისთვის საუკეთესო რვა ადგილს შორის დაასახელა. პირველ სამეულში მოხვდა ხორვატია, სლოვაკეთი, ნორვეგია, შემდეგ მოდის კანარის კუნძულები, შვეიცარია, ინგლისი, საქართველო და საფრანგეთი.
მარტვილის კანიონი მართლაც ზღაპრული ადგილია, რომელიც რელიქტური ტყეებით არის გარშემორტყმული. ასწლეულების განმავლობაში წყალი გზას იკვლევდა 40 მეტრის სიღრმის ხეობის კლდეებში. მდინარეზე შეიძლება ნავით გასეირნება და კინჩხის ჩანჩქერის ხილვა.
მარტვილის კანიონი ქალაქიდან ხუთი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, სოფელ გაჭედილის სამხრეთით. კანიონში მიედინება მდინარე აბაშა. თავად კანიონი ზედა და ქვედა ნაწილებისგან შედგება, რომლებიც მეჩეჩით იყოფა. ზედა ნაწილში ნავებით სეირნობაა შესაძლებელი, ქვემოთ კი ცურვის მსურველები იყრიან თავს.
მარტვილის კანიონთან ახლოს არის მონასტერი ჭყონდიდი, ბალდას ჩანჩქერები, ნოჯიხევის მონასტრის ნანგრევები, არქეოპოლისი ციხეგოჯი სოფელ ნოქალაქევში და დადიანების სასახლე სოფელ სალხინოში.
მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია აერთიანებს ბუნების 13 ძეგლს, მათ შორის 3 კანიონს, 5 ჩანჩქერსა და 5 მღვიმეს. მათგან 10 ბუნების ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტს, 2 ხონის მუნიციპალიტეტს, 1 კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.