თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა Scuba Diving მარტვილის კანიონი ჩართო იმ რვა ადგილის სიაში, რომლებიც ევროპაში დაივინგისთვის საუკეთესოა, ნათქვამია ჟურნალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
სტატიის ავტორები წერენ, რომ წყალქვეშა ფოტოგრაფებს სთხოვეს გაეზიარებინათ ევროპაში წყალქვეშა ცურვისთვის მათი საყვარელი ადგილები.
პირველ სამეულში მოხვდა ხორვატია, სლოვაკეთი, ნორვეგია, შემდეგ მოდის კანარის კუნძულები, შვეიცარია, ინგლისი, საქართველო და საფრანგეთი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ შავ ზღვასა და კავკასიის მთებს შორის მდებარე საქართველოს უძველესი მიწები მდიდარია ისეთი მიუვალი მღვიმეებით და კანიონებით, რომლებიც თანამგზავრიდანაც არ ჩანს.
„მარტვილის კანიონში ხეობა მდინარე აბაშამ გაჭრა… ეს ადგილი ჯ. რ. რ. ტოლკინის (John Ronald Reuel Tolkien) ერთ-ერთი წიგნის ილუსტრაციას ჰგავს, ადგილს, სადაც ელფები ცხოვრობენ. იქ არის კამკამა ჩანჩქერები, რომლებიც ციცაბო კლდეებიდან ეშვება. ეს კლდეები დაფარულია გვიმრებით და სუროს ხვეული ტოტებით, რომლებიც სადღესასწაულო შუქურებს ჰგავს. ყველაფერი უზომოდ ლამაზია", — ნათქვამია სტატიაში.
ამერიკული ჟურნალი Scuba Diving 1992 წელს შეიქმნა და წარმოადგენს ყვინთვაზე ინფორმაციის მოპოვების უნივერსალურ რესურსს, ის სთავაზობს უნიკალურ ფოტოებს, შესასწავლ ვიდეოებსა და მასტერ-კლასებს. ჟურნალი Scuba Diving რვა წელში ერთხელ გამოდის.
მარტვილის კანიონი მართლაც ზღაპრული ადგილია, რომელიც რელიქტური ტყეებით არის გარშემორტყმული. ასწლეულების განმავლობაში წყალი იკვლევდა გზას 40 მეტრის სიღრმის ხეობის კლდეებში. მდინარეზე შეიძლება ნავით გასეირნება და კინჩხის ჩანჩქერის ხილვა.