თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თბილისი–რუსთავის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გავრცელებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯებირს შეეჯახა, გზის სავალი ნაწილიდან ხრამში გადავარდა და ამობრუნდა.
ავტომობილის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო–სამშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.