რატომ იღუპება საქართველოს გზებზე ყოველწლიურად ამდენი ადამიანი

© Sputnik / Alexander Imedashviliდამტვრეული ავტომობილი თბილისის ერთ–ერთ ქუჩაზე
დამტვრეული ავტომობილი თბილისის ერთ–ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ის, რომ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2-3 ადამიანი იღუპება, ეს ავტომობილის ძალიან მაღალი სიჩქარით მოძრაობაზე მიანიშნებს, მიაჩნია დავით მესხიშვილს.

ნატა პატარაია

საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა მძღოლების მიერ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის შედეგია, მიიჩნევს „საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

„ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა და მთელი მსოფლიოსიც, უბრალოდ, ჩვენთან ის გარკვეული მიზეზების გამო უფრო მწვავედ დგას“, — აღნიშნა დავით მესხიშვილმა „Sputnik —საქართველოსთან“ საუბრისას.

„საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის" თავმჯდომარის  ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში გზებზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 520 ადამიანი დაიღუპა და 8 000-მდე დაშავდა. 

უცხოურ ნომრიანი მანქანა თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
რატომ არ აჯარიმებენ უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებს

„სინამდვილეში, დაშავებულთა რაოდენობა  უფრო მეტია, რადგან ყოველთვის არ ხდება შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება. რაც შეეხება 2018 წლის სტატისტიკას, ჯერ დათვლილი არ არის, მაგრამ ჩვენი ვარაუდით, ის იქნება მზარდი, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ბოლო დროს  ერთდროულად  სულ უფრო მეტი ადამიანი იღუპება“, — აღნიშნა მესხიშვილმა.

მისი განმარტებით, ის, რომ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2-3 ადამიანი იღუპება, ეს  ავტომობილის ძალიან მაღალი სიჩქარით  მოძრაობაზე მიანიშნებს. საპატრულო პოლიციას კი ამის კონტროლი უჭირს, რადგან ე. წ. ჭკვიანი კამერები და სექციური რადარები დღემდე არ არის საკმარისი რაოდენობით. თანაც, საპატრულო პოლიცია – ეს არის სამსახური, რომელიც რეაგირებას ახდენს უკვე მომხდარზე.

„თუ ადამიანმა სიჩქარეს გადააჭარბა ან ნასვამი მოხვდა საჭესთან, ეს  არის უკვე შედეგი. ხოლო ამის პრევენციისთვის არაფერი კეთდება, რადგან არ არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც ამაზე პასუხს აგებს“, —აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის ასევე აუცილებელია ქვეყანაში  ე. წ. შავი წერტილების, ანუ ადგილების, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევევბი,  შესწავლა. მარტო „შავი წერტილების“ მოწესრიგების შემთხვევაში საგზაო შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 20 %-ით მაინც შემცირდება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საქართველოსთვის პრობლემად რჩება, ეს არის კანონმდებლობა. კერძოდ, ის, რომ მართვის მოწმობის არმქონე ადამიანს, თუ ფული აქვს, შეუძლია საჭე მართოს. 

„მაგალითად,  არის შემთხვევა, რომ 1 წლის განმავლობაში 120-ჯერ არის დაჯარიმებული ერთი და იგივე ადამიანი,  მას ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა და მაინც მართავს, აჯარიმებენ და იხდის, ან არ იხდის. რაც იმას ნიშნავს რომ საზოგადოებისთვის საშიში ადამიანი, მართვის მოწმობის გარეშე, ხვდება საჭესთან და კანონმდებლობა ამას უშვებს“, —აღნიშნა მესხიშვილმა.

ავარია - Sputnik საქართველო
სიკვდილი საქართველოს გზებზე – რას ითხოვენ არასამთავრობოები

მისი თქმით, ასევე არის შემთხვევები, როცა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში აღსრულება ვეღარ ხდება, რადგან კანონდამრღვევი ადამიანი ოფიციალურად არანაირ ქონებას არ ფლობს, ევროკავშირში კი ასეთი ტიპის დარღვევებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

„საბოლოოდ მაინც სპეციალური სტრუქტურის არარსებობის პრობლემა გვაქვს. მართალია, არის  კომისია ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც მუშაობს საგზაო უსაფრთხოებაზე, თუმცა, ის რომ ეფექტური არ არის,  ამას სტატისტიკაც მეტყველებს“, — აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

გარდა ამისა, უნდა შეიქმნას საგზაო უსაფრთხოების მართებული სტრატეგია. უნდა დამონტაჟდეს საკმარისი რაოდენობის „ჭკვიანი კამერები“ და უფრო ეფექტურად იმუშაოს „უკონტაქტო პატრულმა“.

დავით მესხიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის საუკეთესო ლიტვის გამოცდილების დანერგვა იქნებოდა, რადგან ამ ქვეყანამ ავტოსაგზაო შემთხვევების, მათ შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობის ყველაზე დიდ კლებას მიაღწია. 

საქართველო კი, დღეს არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე, ევროპაში გზებზე დაღუპული და დაშავებული ადამიანების რაოდენობით ლიდერობს.


ყველა ახალი ამბავი
0