თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.
საქართველოს ცალკეულ რაიონებში მეორე დღეა ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსს აღწევს.
30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში 40–43 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, სინოპტიკოსები 32–37 გრადუსს ვარაუდობენ.
თბილისში 38–40 გრადუსამდე სიცხეა ნავარაუდევი.
სიცხე ნეგატიურად მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე, მაგრამ ყველაზე მეტად იგი საშიშია 75 წელს ზემოთ ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის და პარკინსონით დაავადებული ადამიანებისთვის.
სიცხე ასევე საშიშია ფსიქიური პრობლემების მქონე პირებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც გარკვეულ პრეპარატებს იღებენ, რომელიც განსაკუთრებით მოქმედებს სხეულის ტემპერატურასა და ოფლის გამოყოფაზე.
რისკ–ჯგუფებში ასევე შედიან ნარკოდამოკიდებული პირები, ასევე ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლს იღებენ. ფრთხილად უნდა იყვნენ ფიზიკურად აქტიური პირები: სპორტსმენები, პირები, რომლებსაც მძიმე ფიზიკური შრომა უწევთ.
სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ შენობაში სიგრილე შეინარჩუნონ. დღისით ჰაერის ტემპერატურამ 32 გრადუსს არ უნდა გადააჭარბოს, ღამით კი 24 გრადუსს.
აუცილებელია ფიზიკურ დატვირთვისგან თავის შეკავება და თუ ეს შეუძლებელია, უკეთესია შეარჩიოთ შესაფერისი დრო – 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.