ბატონი ქემალი სოფელ ნამონასტრევში გაიზარდა. ხატვით და სათამაშოების დამზადებით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. ხეზე მუშაობა მამამ ასწავლა და შეაყვარა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ბატონმა ქემალმა სწავლა ბათუმის პროფტექნიკურ სასწავლებელში განაგრძო. თან ფიზიკურად მუშაობდა, რათა ოჯახისთვის ზედმეტი ხარჯები აერიდებინა. ჯარში თბილისის ინდუსტრიულ–პედაგოგიური ტექნიკუმიდან გაიწვიეს. აქ დაუმეგობრდა მოსე თოიძის სახელობის სასწავლებლის პირველკურსელ არჩილ საყვარელიძეს, ხეზე კვეთის ხელოვნებით სწორედ მისგან დაინტერესდა.
ხეზე კვეთა 1980 წელს დაიწყო. მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო გამოფენებში. ამის შემდეგ ეთნოგრაფიული ნივთებით დაინტერესდა. დადიოდა სხვადასხვა სოფლებში და ეთნოგრაფიულ ნივთებს აგროვებდა.
„მოსახლეობისგან ეთნოგრაფიული ნივთების შესყიდვა დავიწყე. 1986 წელს 400-მდე ნივთი მქონდა შეგროვილი. დროთა განმავლობაში გავამრავალფეროვნე ეს ნივთები. ამ დროს ქედაში ხეზე კვეთას ვასწავლიდი. შემდეგ სამუშაოდ ბათუმში გადმომიყვანეს. მოდიოდნენ ჟურნალისტები, ათვალიერებდნენ ექსპონატებს, ჩემ ნამუშევრებს“, — ამბობს ბატონი ქემალი.
აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა რესტავრატორად მიიწვია, სახელოსნოც გამოუყვეს, რამაც მისი საქმიანობის განვითარებას შეუწყო ხელი. საშუალება მიეცა, საქმიანობა საკუთარ სახელოსნოში გაეგრძელებინა, რითიც კიდევ უფრო გამდიდრდა მისი ფანტაზია — გაიზარდა შრომის ნაყოფიერება.
დროთა განმავლობაში ფართის სიმცირის გამო სალონ-სახელოსნო ვეღარ ახერხებდა მნახველთა დიდი რაოდენობით მიღებას. ბატონი ქემალი ყოველთვის ოცნებობდა გაეხსნა მუზეუმი, სადაც მის მიერ შეგროვილი ექსპონატები და მისი ნამუშევრები გამოიფინებოდა.
ეს ოცნება 2016 წელს აუხდა. მუზეუმისთვის ტერიტორია უსასყიდლოდ გადასცა მთავრობამ.
„მინდა აღვნიშნო, რომ ტერიტორია უსასყიდლოდ გადმოგვცა მთავრობამ. ასეთ ადგილს მე ვერასოდეს შევიძენდი. ძალიან გვეხმარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. ტურისტებს ჩვენ შესახებ აწვდიან ინფორმაციას, მოჰყავთ დასათვალიერებლად და ხელს უწყობენ მუზეუმის პოპულარიზაციას. დიდი ხელშეწყობა გვქონდა ამ კუთხით. ღმერთმა თქვა, აწი, შენც გაანძრიე ხელი და გეშველებაო“, – ამბობს თურმანიძე.
ბატონი ქემალის განცხადებით, ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“ საქართველოში პირველი კერძო მუზეუმია, რომელიც საკუთარი დაფინანსებით ირჩენს თავს. ჰყავს დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც უხდის ხელფასს, იხდის კომუნალურ და სხვა გადასახადებს.
მუზეუმი დღეისათვის განთავსებულია 3 000 კვ.მ-ზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, შენობა-ნაგებობებით, გამწვანებით და სავალი ბილიკებით. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა-ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობის უკეთ წარმოჩენის მიზნით ბოლო პერიოდში 30 დარგისთვის შექმნა სამუშაო სივრცე. მასში განათავსა შესაბამისად ჩაცმული მანეკენები ასაკის, ხასიათისა და შრომითი საქმიანობის გათვალისწინებით, რითიც დამთვალიერებელს რეგიონის სრულყოფილად გაცნობის პირობები შეუქმნა.
მუზეუმში განთავსებულია ხის მხატვრული დამუშავების გალერეა, სადაც წარმოდგენილია ავტორის მიერ სხვადასხვა პერიოდში დამზადებული 350-მდე ნაკეთობა. ესენია: დეკორატიული პანოები, სასმისები, ავეჯი, თასები, ზარდახშები, სუვენირები და სხვა უამრავი ნივთი.
ბატონ ქემალს მოღვაწეობის ორმოცი წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ორმოცამდე გამოფენაში, მათ შორის საერთაშორისო, რესპუბლიკური და საქალაქო მასშტაბით. სხვადასხვა ჟურნალსა და გაზეთში ქემალ თურმანიძის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნდა 70-მდე პუბლიკაცია. ადგილობრივმა და უცხოურმა (თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, გერმანია, კორეა) ტელევიზიებმა მოამზადეს 20-მდე სიუჟეტი.
ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი ახალი ვიზიტორების მოლოდინშია და ბევრ საინტერესო სანახაობას სთავაზობს მათ.