თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილ ქმარზე ძალადობისა და ცრუ დასმენის საქმეზე ახალგაზრდა ქალს ბრალი წაუყენა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წლის თებერვალში თამარ ბერეკაშვილმა პოლიციას მიმართა და აცნობა, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიების საწყის ეტაპზე მისი ყოფილი ქმარი ნ.ყ. დააკავეს და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს.
როგორც უწყება ამტკიცებს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2 თებერვალს ქალი დედასთან ერთად შვილის წამოსაყვანად ყოფილი ქმრის სახლში მივიდა. იმის გამო, რომ ბავშვს წასვლა არ უნდოდა და ტიროდა, ყოფილ ცოლ-ქმარს შელაპარაკება მოუვიდა.
„თ.ბ.-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ნ.ყ.-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის არეში, შემდეგ კი ფრჩხილებით მიაყენა დაზიანებები ნაკაწრების, ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. ნ.ყ. შემდგომი კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით სახლში შევიდა და კარები დაკეტა", — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყება განმარტავს, კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით ყოფილი ქმარი სახლში შევიდა, მომხდარზე განაწყენებულმა ქალმა კი შურისძიების მიზნით პოლიციაში დარეკა და კაცი ცრუდ დაასმინა. ადგილზე მისულმა პოლიციამ ყოფილი ქმარი ადგილზე დააკავა.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მტკიცებულებებით, მათ შორის, შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით ყოფილი ქმრის ბრალეულობა არ დადასტურდა. იგი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტეს.
პროკურატურამ ქალს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით“). ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თამარ ბეკარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გუშინ გაავრცელა. ასოციაცია თვლის, რომ პროკურატურა ქალისთვის ბრალის წარდგენისას დაეყრდნო მიკერძოებულ მოწმეებს და სხვა მტკიცებულებები არ გაითვალისწინა.
„პროკურატურამ არ გაითვალისწინა სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდებოდა, რომ თამარ ბეკარაშვილი არის ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის, არ გაითვალისწინა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც ამავე ფაქტზე თამარ ბეკარაშვილი ცნობილია ოჯახში ძალადობის მსხვერპლად", — ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენა არის დაუსაბუთებელი და კანონთან შეუსაბამო.