„გიგუაშვილების ოჯახს გაუმარჯოს!“ ანუ ქართველი გოგონა დაფდაფებით გერმანიის სცენაზე

© FB / Ia Giguashviliია და გიორგი გიგუაშვილები პეტერბურგის ფილარმონიაში შოსტაკოვიჩის სახელობის დარბაზში
ია და გიორგი გიგუაშვილები პეტერბურგის ფილარმონიაში შოსტაკოვიჩის სახელობის დარბაზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ საარბრიუკენში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი გოგოს ამბავს გაგაცნობთ.

ცნობილია, რომ ქალები დასარტყამ ინსტრუმენტებს იშვიათად ირჩევენ, რადგან ითვლება, რომ ეს უფრო მამაკაცების პრეროგატივაა. ია გიგუაშვილი გამონაკლისია, რადგან მან ინსტრუმენტი პროფესიონალურ დონეზე აითვისა. ამას გარდა შეისწავლა მარიმბაც, რაც მეოცე საუკუნის ინსტრუმენტია და ბევრს არც მოუსმენია.

საქართველოში ოპერის თეატრში და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში მუშაობდა. დღეს გერმანიაში სწავლობს და საარბრიუკენის მუსიკალურ სასწავლებელში ერთადერთი ქართველი სტუდენტია.

© FB / Ia Giguashviliია გიგუაშვილი
ია გიგუაშვილი - Sputnik საქართველო
ია გიგუაშვილი

ოპერის თეატრში გატარებული ბავშვობა და საოცნებო დაფდაფები

მუსიკოსების ოჯახში დაიბადა, მამა ოპერის თეატრში მუშაობდა ორკესტრის დასარტყამი საკრავების ჯგუფში, ამიტომ მას და მის ძმას გიორგის ბავშვობა ოპერის თეატრში აქვთ გატარებული. მათთვის იქ ყველაფერი უჩვეულო იყო: ატმოსფერო, მსახიობები სცენაზე და კლასიკური მუსიკა, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ  „მოიშინაურეს“ და შეიყვარეს. ამიტომ არავის გაკვირვებია ის ამბავი, რომ ორივემ მუსიკოსობის სურვილი გამოთქვა. მათივე ინიციატივით ისინი  მუსიკალურ სკოლაში შეიყვანეს – გოგონა ვიოლინოს კლასში, ბიჭი — დასარტყამი საკრავების კლასში. მთელმა სამეზობლომ იცოდა და-ძმა მეცადინეობას როდის იწყებდა. ერთსა და იმავე დროს, ოღონდ სხვადასხვა ოთახებში გოგონა ვიოლინოზე, მამა და ბიჭი კი დაფდაფზე უკრავდნენ. გოგონას, მართალია, ვიოლინო უყვარდა, მაგრამ ძალიან უნდოდა გვერდით ოთახში გასულიყო და მათთან ერთად დაეკრა.

© FB / Ia Giguashviliია და გიორგი გიგუაშვილები მუსიკის ფესტივალზე თელავში
ია და გიორგი გიგუაშვილები მუსიკის ფესტივალზე თელავში - Sputnik საქართველო
ია და გიორგი გიგუაშვილები მუსიკის ფესტივალზე თელავში

– ია, როგორ გაგრძელდა მევიოლინე გოგოს ამბავი?

— გაგრძელდა იმით, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ისევ ჩემივე ინიციატივით ჩავაბარე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (ნიჭიერთა ათწლედში), სადაც მამა პედაგოგად მუშაობდა. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ორ მუსიკალურ სკოლაში პარალელურად ვსწავლობდი. გადატვირთული გრაფიკის გამო ვხვდებოდი, რომ არჩევანი ერთ-ერთ ინსტრუმენტზე უნდა შემეჩერებინა. ამიტომაც შვიდი წლის შემდეგ, როგორც კი მუსიკალური სკოლა დავამთავრე, გადავწყვიტე სწავლა დასარტყამ ინსტრუმენტზე გამეგრძელებინა. ძალიან მომწონდა ის ამბავი, რომ ხან მამა მამეცადინებდა, ხან კი ჩემი უფროსი ძმა. დროთა განმავლობაში მამასა და ძმასთან დაკვრის სურვილი ოცნებად გადამექცა…

© FB / Ia Giguashviliია გიგუაშვილი გერმანელ მეგობრებთან ერთად
ია გიგუაშვილი გერმანელ მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ია გიგუაშვილი გერმანელ მეგობრებთან ერთად

– რომელიმე კონცერტზე ერთად თუ გამოსულხართ?

— ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი კონცერტი 2016 წლის 20 ოქტომბერს ჩატარდა. ამ კონცერტზე ავიხდინე ოცნება და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ძმასთან და მამასთან ერთად დავუკარი. მაშინ შევასრულეთ კომპოზიტორ ჟივკოვიჩის ნაწარმოები Trio Per Uno. იმ კონცერტს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი, ინგლისის საელჩოსა და საპატრიარქოს წარმომადგენლები. ეს კონცერტი არასოდეს დამავიწყდება… დასარტყამ საკრავებზე დაკვრა შედარებით გვიან დავიწყე, ამიტომ ყველაფერს მამისა და ძმისგან ვსწავლობდი. ისინი იყვნენ ჩემი პედაგოგებიც და კერპებიც…

როცა საქართველოზე ვფიქრობ, ხშირად მახსენდება ხოლმე – როცა სხვადასხვა კონცერტებზე მამას, გიოს და მე ერთად დაკვრა გვიწევდა, ჩვენი კოლეგა-მუსიკოსები ხუმრობით გვეუბნებოდნენ: “გიგუაშვილების ოჯახს გაუმარჯოს!“ ან „დედასაც ასწავლეთ და კვარტეტი გააკეთეთ“ და ასეთები.

სტუდენტობა საარბრიუკენის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში

ია გიგუაშვილი: საზღვარგარეთ სწავლაზე ყოველთვის ვოცნებობდი. 2017 წლის ზაფხულში ჩავაბარე გერმანიის ქალაქ საარბრიუკენში მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში, სადაც იმავე წლის ოქტომბრიდან დავიწყე სწავლა. დასარტყამი საკრავების კლასში ექვს სტუდენტს შორის მარტო მე ვარ უცხოელი, დანარჩენი ყველა გერმანელია. ჩემი აზრით, ეს სასწავლებელი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის სრულყოფილი ადგილია. ჩემი მიზანია გერმანიის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური სტილისა და ტენდენციების შესწავლა და მუსიკალური და ენობრივი უნარ-ჩვევების გაფართოება. ჩემ მიმართ პედაგოგებიც და სტუდენტებიც ძალიან მეგობრულები და ყურადღებიანები არიან. მათ კარგად ესმით, რომ ჩამოსული ვარ და გარკვეულ საკითხებში მიჭირს, ამიტომ ყოველთვის ცდილობენ ჩემ დახმარებას. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება ჩემი საყვარელი საქართველო წარვადგინო, ეს ჩემთვის საკმაოდ საპასუხისმგებლოა და ამავდროულად დიდი პატივია.

© courtesy of Ia Giguashviliია გიგუაშვილი ბრაზილიაში
ია გიგუაშვილი ბრაზილიაში - Sputnik საქართველო
ია გიგუაშვილი ბრაზილიაში

– რაიმე საინტერესო შემოთავაზება თუ გქონდათ?

— სასიამოვნო სიახლეები მაქვს: მოწვევა მომივიდა საარბრიუკენის ჩასაბერი ორკესტრიდან Stadtkapelle Saarbrücken და ორ კონცერტში, როგორც შტატგარეშე მუსიკოსმა მივიღე მონაწილეობა. ასევე გამოვდივარ სასწავლებელში გამართულ კონცერტებზეც. კიდევ ერთი ოცნება ავიხდინე: წელს პოლონური ფესტივალის I, Culture Orchestra მონაწილე გავხდი. დასარტყამი ჯგუფის პედაგოგები იქნებიან ლონდონის სიმფონიური ორკესტრის სოლო ტიმპანისტი ნაიჯელ თომასი (Nigel Thomas) და მისი კოლეგა, ასევე ლონდონის სიმფონიური ორკესტრის წევრი სემ უოლტონი (Sam Walton). მიხარია, რომ საშუალება მექნება უცხოელ მონაწილეებს შორის საქართველო წარვადგინო, იქაური პედაგოგების გამოცდილება მივიღო და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო დარბაზებში დავუკრა. დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო შემოთავაზება და კონცერტი მელოდება. გერმანელებს, როგორც ერს, დიდ პატივს ვცემ – მეორე მსოფლიო ომის მერე ქვეყანა ისე ააღორძინეს, რომ რვა წელიწადში ეკონომიკური საოცრება მოახდინეს. ეს მოხდა ერთობის, ერისა და სამშობლოს უდიდესი სიყვარულის ხარჯზე. შრომისმოყვარეობა და დისციპლინა ამ ერს სისხლში აქვს. ძალიან მინდა, რომ ეს თვისებები ქართველებსაც გაგვიმძაფრდეს, შრომა არ დაგვეზაროს და ჩვენი სიყვარული სამშობლოს მიმართ საქმეებზეც აისახოს…

 

ყველა ახალი ამბავი
0