თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
ხავერდოვანი სეზონი ქობულეთში >>
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გასული წლის შემოდგომაზე ქობულეთში, დაახლოებით 2 კმ ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი წელს, საზღვაო სეზონის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონტრაქტორმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოყვა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილებით, 1 მაისიდან სანაპიროს და ბულვარის რეაბილიტაციის პროცესში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო.
„სამწუხაროდ, ეს პროექტი იყო ჩავარდნილი და ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა სამართლიანი უკმაყოფილება… დღეს, როგორც დავპირდით მოსახლეობას, 650 მეტრი ბულვარი მოწყობილია“, — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება. პროექტის ბოლომდე მისაყვანად კი მუშაობა ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე განახლდება.
საქართველოში ბოლო დროს ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. ზაფხულის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი აჭარაზე მოდის. 2017 წლის იანვარ-სექტემბერში აჭარას 1,2 მილიონი უცხოელი ესტუმრა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 5,4%-ით აღემატება.