თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი Elite Model Look 2018-სთვის დამწყები მოდელების შესარჩევი ნაციონალური კასტინგი თბილისში კვირას გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ 14-დან 22 წლამდე გოგონებსა და ვაჟებს, რომელთა სიმაღლე 170 (გოგონები) და 180 სმ-ზე (ვაჟები) ნაკლები არ უნდა იყოს, ნათქვამია სამოდელო სააგენტო IC Model Management-ის Facebook-გვერდზე.
თავდაპირველად მათ Elite Model Look-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ონლაინ-რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
ისინი, ვინც კონკურსის შესარჩევ ეტაპს წარმატებით გაივლიან, ფინალისთვის დაიწყებენ მზადებას. გამარჯვებულებს ორივე კატეგორიაში ივლისის ბოლოს გამოავლენენ. სწორედ ისინი გაემგზავრებიან Elite Model Look-ის საერთაშორისო ფინალზე.
ფინალში გამარჯვებულებს ელოდებათ კონტრაქტი საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Elite Model Management-თან და საპრიზო ფონდი 730 ათასი ევროს ოდენობით.
2017 წელს Elite Model Look-ის გამარჯვებულები გახდნენ 15 წლის მოსკოველი ვალერია ჩენსკაია და 17 წლის ბრაზილიელი ანტონიო ფერიტასუ.
Mercedes-Benz Fashion Week: მოდის სამყაროს ახალი ტენდენციები>>>
სხვადასხვა პერიოდში Elite Model Look-ის კონკურსში მონაწილეობდნენ პოდიუმის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან სინდი კროუფორდი, ალესანდრა ამბროსიო, ლინდა ევანგელისტა და დაიანა მენდოსა, რომელიც 2008 წელს „მის მსოფლიო“ გახდა.
საქართველოში ღონისძიება ზედიზედ მეთორმეტედ იმართება. კონკურსებში გამარჯვებული ყველა მოდელი წარმატებით საქმიანობს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.