მოქალაქე ბოს ბლოგი: რატომ ტოვებენ ქართველი ახალგაზრდები სამშობლოს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მოქალაქე ბო“ ერთი ქართველი ახალგაზრდა კაცია თავისი ფიქრებით, ოცნებებითა და გატაცებებით. ძალიან უყვარს სამშობლო და თავისი თვალთახედვა აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე:

ქართველებს ერთი ძალიან მაგარი სიტყვა გვაქვს — „თავის+უფლება“.

სიტყვა, რომელიც ყველაზე დიდი დოზით ახალგაზრდებში პოულობს სამკვიდრებელს.

და რა ხდება მაშინ, თუ ეს სიტყვა უბრალოდ ფორმალობა ხდება? იწყება სულიერი ამბოხი და კონსტიტუციით მინიჭებული უფლების საკუთარი ძალით მოპოვების შეუჩერებელი მცდელობა.

ჩემი აზრით, დღევანდელ საქართველოში „თავისუფლების“ მნიშვნელობა გარკვეულწილად დაკნინებული ან სრულებით უარყოფილია მთავრობის, სასულიერო მოძღვრების და სხვადასხვა ზემდგომი სტრუქტურების მიერ.

ჩვენ საყოველთაო გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ და ამ გადასახედიდან სამშობლოს სიყვარულმა თითქოს უკანა პლანზე გადაწია. სულ უფრო ხშირად მესმის ფრაზა — და რა გამიკეთა სამშობლომ მე?! ამ დროს მშობელი მიწის ძახილი ის ძირითადი ღირებულება იყო, რაზეც იდგა გასულ საუკუნეებში ჩვენი ერის თვითმყოფადობა და რის გამოც წინა საუკუნეებში ქართველი ახალგაზრდები განსაკუთრებით იყვნენ მიჯაჭვულნი სამშობლოს.

სამწუხაროდ, ამ ორმა ფაქტმა — „თავისუფლების შეზღუდვამ“ და გლობალიზაციამ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი იპოვა, რამაც ახალგაზრდების მასობრივ ემიგრაციას შეუწყო ხელი.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: ვის კეთილდღეობას ხმარდება ჯვრით გარდასახული ფული?

ვწერ და ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, რასაც ვხედავ და მესმის. სწორედ დანახული და გაგონილია, რომ ახალგაზრდების უმეტესობას გული ევროპისკენ მიუწევს… და რას პოულობენ ისინი ევროპაში? ლიბერალიზმს, თავისუფლების მათთვის მისაღებ დოზას და, რაც მთავარია, სრულფასოვანი ცხოვრების შედარებით უპირატეს გარანტიებს, ვიდრე საქართველოშია.

ვგმობ და ვეწინააღმდეგები ნებისმიერ ნარკოტიკულ საშუალებას, თუმცა ჩემ აზრს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი არ იზიარებს, რადგან მათთვის ნარკოტიკი (საუბარია გარკვეული ტიპის ნარკოტიკულ საშუალებებზე) მისაღები და დამაკმაყოფილებელია. სახელმწიფოს მიერ დეკლარირებულმა ხისტმა ნარკოპოლიტიკამ ახალგაზრდების ეს ნაწილი დისკრიმინირებული გახადა და, რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ ამ მხრივ უფრო ლოიალურ ქვეყნებში ეძებონ მათთვის „მისაღები თავისუფლების ხარისხი“…

მორიგი სახასიათო თემა ახალგაზრდების ემიგრაციის პრობლემისა განათლებაში იმალება. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის განათლების ხარისხი იმდენად დაბალია, რომ უმეტესი ქართული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს, არა თუ სხვა ქვეყნებში არ აღიარებენ, უფრო მეტიც, ქართულ შრომით ბაზარზე უფრო დიდი გასავალი აქვს ნებისმიერი უცხო ქვეყნის თუნდაც „ჭ“ ხარისხის დიპლომს. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა, რომელიც ორიენტირებულია სწავლაზე, ცდილობს არ დაკარგოს ტყუილად 4 ან 6 წელიწადი და აქცენტს პირდაპირ უცხოურ სასწავლებლებზე აკეთებს. ეს ყოველივე კი გამანადგურებელია სახელმწიფოსთვის, რადგან წამყვან ევროპულ ქვეყანაში სასწავლებლად წასული ახალგაზრდა უმეტეს შემთხვევაში აღარ ბრუნდება საქართველოში და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ისევ იმ ქვეყანაში აბანდებს.

შვილები და მშობლები - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: მშობლებო, იცნობთ საკუთარ შვილებს?

ბოლოს კი ყველაზე მთავართან მივედით — შრომის ანაზღაურება. ჩემი გადმოსახედიდან ჩვენი ქვეყნის შრომის კოდექსი მოუწესრიგებელი და, რაც მთავარია, ქვეყნის შრომითი ბაზრისთვის შეუსაბამო დოკუმენტია. მარტო ის რად ღირს, რომ საქართველოში ყველა უცხოური ფირმა იაფ მუშახელს პოულობს და ამავდროულად, ხშირ შემთხვევაში, გაწეული სამსახურის ნახევარსაც კი არ უნაზღაურებენ…

და რას იზამს ახალგაზრდა, რომელიც გონებამახვილია და იცის მისი შესაძლებლობის მინიმუმი და მაქსიმუმი? რა თქმა უნდა, წავა! წავა, რადგან სხვა ქვეყანაში მისი შესაძლებლობის მინიმუმში ზუსტად იმავე თანხას გადაუხდიან, რასაც საქართველოში მაქსიმუმის გაკეთების შემთხვევაში (შესაძლოა უფრო მეტსაც).

იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დავაჩქაროთ, თავი ნამდვილი და მოწესრიგებული ქვეყნის მოქალაქეებად ვიგრძნოთ და არ გაგვიჩნდეს სხვის სამშობლოში გაქცევის სურვილი, აუცილებელია, რომ თავად გავერკვეთ არა მარტო ჩვენი, არამედ თვითონ ჩვენი ქვეყნის მინიმალურ და მაქსიმალურ შესაძლებლობებში, რათა სხვამ არ მოგვატყუოს და ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი თავდაყირა არ დაგვანახოს.

მოქალაქე ბო


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0