ქალბატონი, რომელმაც 42 წლის ასაკში საკუთარი დიეტით 50 კილოგრამი დაიკლო

CC BY 2.0 / Flickr/ Natasia Causse / Day 45/365 - An apple a day...თუ შიმშილის გრძნობა გაქვთ, ესე იგი, წონაში იმატებთ
თუ შიმშილის გრძნობა გაქვთ, ესე იგი, წონაში იმატებთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ დამეთანხმებით, რომ ჭარბი წონა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. ის პროვოცირებას უწევს არაერთი სერიოზული დაავადების განვითარებას.

ლელა ხაჭაპურიძე 42 წლისაა. მესამე შვილის გაჩენის შემდეგ თავი იჩინა ჭარბი წონის პრობლემამ, რომელსაც გულის, სახსრების და სხვა პრობლემები დაერთო თან. ქალბატონი ლელას თქმით, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ამიტომ გადაწყვიტა დაეწყო დიეტა. საკმაოდ რთული პერიოდის შემდეგ თავად შეიმუშავა დიეტა, რომლის საშუალებითაც 50 კილოგრამი დაიკლო.

— სამი შვილი და ერთი შვილიშვილი მყავს, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მონაპოვარია. ჭარბი წონის პრობლემა მესამე მშობიარობის შემდეგ დამეწყო. ამას მოჰყვა ჯანმრთელობის პრობლემები. მაწუხებდა გული, სახსრები და ა.შ. ერთ დღესაც გულის პრობლემით მოვხვდი საავადმყოფოში. მაშინ მითხრეს ექიმებმა, რომ დიეტაზე უნდა დავმდგარიყავი. ამის შემდეგ სერიოზულად დავფიქრდი და ვთქვი, რომ მე ამას შევძლებდი. ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო. გადავწყვიტე თავი ხელში ამეყვანა და დამეწყო ბრძოლა.

– რამდენ კილოგრამს მიაღწიეთ, რა იყო თქვენი მაქსიმალური წონა?

— 130 კილოგრამს მივაღწიე. ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლებოდა. 2017 წლის 15 იანვარს დავიწყე დიეტა და სამ თვეში დავიკელი 38 კილოგრამი. შემდეგ ეტაპობრივად გავაგრძელე კლება. დღემდე 50 კილოგრამი მაქვს დაკლებული. საბედნიეროდ, ვინარჩუნებ ამ წონას. უკვე ისე მაქვს ალღო აღებული და ისე ვარ აზარტში შესული, რომ ვფიქრობ, კიდევ დავიკლებ.

– როგორ იკვებებოდით?

— პირველ ეტაპზე მენიუდან ამოვიღე ცომეული, ფუნთუშეული, ტკბილეული. ყველაფერი ერთად არ შემიზღუდია, ეტაპობრივად ვზღუდავდი საკვებს. თავიდან ცილოვან დიეტაზეც ვიყავი, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, ამიტომ შევურიე წიწიბურა და შვრიის ფანტელი. მივირთმევდი ბოსტნეულის უცხიმო წვნიანებს. ალბათ ყველაზე მეტად, რაც გახდომაში დამეხმარა, იყო ფიზიკური აქტივობა. ძალიან ბევრს ვმოძრაობ. თუმცა, როცა 130 კილო ვიყავი, ათ მეტრს რომ გავივლიდი, გული მეღლებოდა. წყალტუბოში გვაქვს არაჩვეულებრივი პარკი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დარბის, ვარჯიშობს. მეც დავიწყე სიარული, მერე ძუნძული, სირბილი. დღეში საშუალოდ 15-20 კილომეტრს გავდიოდი. ყოფილა შემთხვევა, 25 კილომეტრიც მივლია. ათი მეტრის გავლა რომ მიჭირდა, ახლა შემიძლია დაუსვენებლად ექვსი კილომეტრი ვირბინო. არ მინდა ვინმეს შეეშინდეს ან რთულად მოეჩვენოს 25 კილომეტრის გავლა. ჩემთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ნელ-ნელა ყველაფერს ეჩვევი. წონის კლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმან, რომ მე დავრბოდი. მერე ვიყიდე ველოსიპედი, სარბენი ბილიკი და ჩემით ვვარჯიშობდი, არ მყოლია მწვრთნელი და არ მივლია ფიტნეს–კლუბში. არც დიეტოლოგებთან მივლია. ინტერნეტში ვუსმენდი კვალიფიცირებული დიეტოლოგების რჩევებს, მითითებებს და ასე ჩემით დავიკელი 50 კილოგრამი.

– პირველად რომელ საათზე იკვებებით?

— რაც შეეხება კვებას, ჩემი პირველი კვება იწყება დილის ცხრა საათამდე. მივირთმევ მცირე ულუფა ფაფას და რამდენიმე ლებან ნიგოზს. სამ საათამდე ვიკვებები ნახშირწყლებით. ბოლო კვება მაქვს ხუთ საათზე. ვიღებ ხილს. დიეტის დროს განსაკუთებით სასარგებლოა ანანასი. ზოგჯერ მიწევს დიეტის დარღვევა, მაგრამ მეორე დღეს ჩვეულებრივად ვაგრძელებ დიეტას და, რა თქმა უნდა, ვიღებ მხოლოდ ცილას. დღეში სამ ლიტრამდე წყალს ვსვამ. ვნანობ, აქამდე რომ არ ვიცოდი, რამდენად მნიშვნელოვანია წყალი ადამიანის ორგანიზმისთვის. უკვე ჩვევად მექცა – თუ სამ ლიტრამდე წყალი არ დავლიე, თითქოს რაღაც მაკლია ორგანიზმში.

– ყოფილა მომენტი, როცა დაგიკარგავთ იმედი და გითქვამთ, ამას ვერ შევძლებ?

— იყო პერიოდი, როცა წონა გამეყინა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად ვიყავი. ვიცოდი, რომ ეს გაყინული წონა პრობლემა არ იყო. კანს სჭირდება დრო, რომ შევიდეს და ფორმაში ჩადგეს. თუმცა მოცულობაში მაინც ვიკლებდი. ამ დროს სანტიმეტრი მეკავა ხელში და წელის გარშემოწერილობას ვიზომავდი.

არასოდეს ამიღია ხელი ჩემ განზრახვაზე, არასოდეს დამიხევია უკან და არ დამიკარგავს იმედი. ძალიან მიზანდასახული ვიყავი და ვიცოდი, რომ შევძლებდი.

– რა შეგრძნებაა, როცა თქვენ მიერ მიღწეული შედეგი ადამიანებში აღფრთოვანებას იწვევს?

— დაკლებული კილოგრამები საოცარ გრძნობას გმატებს, უფრო თავდაჯერებული ხარ. გიხარია, როცა იცვამ იმას, რაც მოგწონს. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბევრი ადამიანი მწერს, მეკითხება რჩევას და გაოცებულია ჩემი შედეგით. სრულიად უცხო ადამიანებს ვუყვები ჩემ შესახებ. მაგრამ არ ვაძლევ რჩევებს, უბრალოდ ვუყვები, მე როგორ დავიკელი, რადგან არ ვიცი კონკრეტული ადამიანის შემთხევაში ეს როგორ გაამართლებს. მე ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ბევრმა ჩემ გამო დაიწყო დიეტა, მე ვიყავი მათთვის სტიმულის მიმცემი და ეს ბედნიერებას მანიჭებს. მთავარია ადამიანმა საკუთარი თავის მართვა ისწავლო, მაშინ ყველაფერი გამოგივა. და, ბოლოს, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩემ მეუღლეს, წარმოიდგინეთ, ყოველ საღამოს ჩემთან ერთად ვარჯიშობდა. ბედნიერი ვარ, რომ  ამ ხნის განმავლობაში გვერდში დამიდგა და მამხნევებს.

ყველა ახალი ამბავი
0