თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანთან ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და „სასწრაფო დახმარების" ბრიგადები. დაშავებულები მცხეთაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ დროისთვის დაკავებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც საქართველოში თურქული ნომრებით მოძრაობდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.