რას ვჭამთ: უფრთხილდით „სუჯუკს"

© courtesy of National Food Agencyხორცი
ხორცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხორცპროდუქტების ფალსიფიცირების შემთხვევები თბილისის ხუთ სხვა საამქროშიც დაფიქსირდა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს ერთი პირი, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ინდმეწარმე კუსტარულად მოწყობილ საამქროში ე.წ. „სუჯუკის" დამზადებისას ნაცვლად ეტიკეტზე მითითებული საქონლისა და ღორის ხორცისა, ცხენის ხორცს იყენებდა. 

ყველი - Sputnik საქართველო
ყველის 12 ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა

სამართალდამცველებმა საწარმოდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მზა პროდუქცია და გადასამუშავებლად გამზადებული ცხენის ნედლი ხორცი.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხორცპროდუქტების — სოსისის, ძეხვეულისა და სარდელის ფალსიფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა თბილისში არსებულ სხვადასხვა კომპანიის კუთვნილ ხუთ საწარმოში, რომელთა პროდუქციასაც ამჟამად ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სახეობრივი კვლევისთვის აღებული ხორცისა და ხორცპროდუქტების 40 ნიმუშიდან დარღვევა 11 ნიმუშში დაფიქსირდა. ამავე პერიოდში განადგურდა 7 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება და ნიმუშის აღება.

ყველა ახალი ამბავი
0