ყველის 12 ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა

© Sputnik / Levan Avlabreliყველი
ყველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მომხმარებელთა 93% იმერულ ყველს მოიხმარს, ასევე დადასტურდა, რომ ყველი ქართველი მომხმარებლისთვის საკულტო პროდუქტია.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. 15 განსხვავებული სახეობის ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 12 ნიმუშში არაა დაცული სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კვლევა რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქართველოს რძის" (Dairy Georgia) დაკვეთით კომპანია „მარკეტ ინტელიჯენს კავკასუსმა" (MIC-TNS) ჩაატარა. ის ქართული ყველის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების შესწავლას, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ყველის შემადგენლობის და ჰიგიენური ნორმების დაცვის შემოწმებას ისახავდა მიზნად.

ყველის ლაბორატორიულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ 15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად 12 ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების — კოლიფორმების და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტია. ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოსა და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.

ქართული ყველი გამოფენაზე WinExpo Georgia 2017 - Sputnik საქართველო
ყველის წარმოების წესები გამკაცრდა

კვლევის ფარგლებში რძის ცხიმის ანალიზიც ჩატარდა, რომლის თანახმადაც, 15 ნიმუშიდან 8-ში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმები, რომლებიც გადამუშავების პროცესში ტრანს-ცხიმებად იქცევიან და ხანგრძლივ პერსპექტივაში ამას ლეტალურ შედეგებამდეც კი მივყავართ.

მთლიანი გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მომხმარებელთა 93% იმერულ ყველს მოიხმარს, ასევე დადასტურდა, რომ ყველი ქართველი მომხმარებლისთვის საკულტო პროდუქტია, რომელიც დაკავშირებულია ჯანსაღ კვებასთან და ჯანმრთელობასთან. თუმცა, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი არაეტიკეტირებულ, გლეხურ პირობებში დამზადებულ ყველს ყიდულობს. ისინი მიიჩნევენ, რომ ქარხნული წესით დამზადებული ყველი ნატურალური არ არის.

კვლევა სამ ეტაპად დაიყო. საწყის ეტაპებზე, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, მომხმარებელთა ის კატეგორია გამოიკითხა, რომელიც ყველს კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს. დასკვნით ეტაპზე კი ლაბორატორიულად შემოწმდა იმ ობიექტებიდან აღებული ნიმუშები, სადაც მოსახლეობა ყველს ყველაზე ხშირად ყიდულობს.

ყველა ახალი ამბავი
0