თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში 240 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბინების განაწილება კენჭისყრის პრინციპით მიმდინარეობს. ამასთან, შესაბამისმა კომისიამ გაითვალისწინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახების მოთხოვნები და მათ ბინები პირველ სართულზე გადაეცემათ. ამ დროისთვის დევნილები ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში არსებულ 48 ერთოთახიან, 96 ოროთახიან და 96 სამოთახიან ბინაში შესახლდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ბარამიას ქუჩაზე კიდევ 6 ახალი კორპუსი შენდება, სადაც ბინებს 360 დევნილი ოჯახი მიიღებს.
ვის დაუფარავს სახელმწიფო იპოთეკურ სესხს>>>
იმისთვის, რომ მოხდეს დაკანონება ან ახალი ფართების მიღება, დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.