იციან თუ არა სკოლის მოსწავლეებმა კომპასის გამოყენება

© FB / Keti Mgaloblishviliქეთი მგალობლიშვილი
ქეთი მგალობლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოგეხსენებათ, ყველა ნორმალურ ქვეყანაში დღემდე ფუნქციონირებს გეოგრაფიული საზოგადოება, რომელსაც გარკვეული მნიშვნელობის ფუნქცია-მოვალეობები აკისრია. ჩვენში იმის გამო, რომ წლების წინ მსგავსი სახის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობა ზედმეტად ჩათვალეს, ამ საზოგადოებამ რათა თავი გადაერჩინა არასამთავრობო სტატუსი შეიძინა.

გადავწყვიტეთ ამ ორგანიზაციის დღევანდელ საქმიანობაზე მის სწავლულ მდივანს და ადმინისტრაციულ ხელმძღვანელს, ქალბატონ ქეთი მგალობლიშვილს გავესაუბროთ.

© FB / Keti Mgaloblishviliქეთი მგალობლიშვილი
ქეთი მგალობლიშვილი - Sputnik საქართველო
ქეთი მგალობლიშვილი

-ქალბატონო ქეთი, შევახსენოთ ჩვენს მკითხველს როდის შეიქმნა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება?

— თბილისში რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოებისა და კავკასიის განყოფილება1850 წელს შეიქმნა. 1924 წლის 22 იანვარს კი რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიული კაბინეტის ბაზაზე  საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება (სგს) ანუ ნებაყოფლობითი სამეცნიერო საზოგადოება დაარსდა. თავდაპირველად საზოგადოება 2000-ზე მეტი წევრს აერთიანებდა. 1996 წლიდან საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სრულუფლებიანი და ამერიკის მეცნიერების ხელშემწყობ ასოციაციასთან არსებული საერთაშორისო კონსორციუმის წევრი გახდა. 2002 წელს საიუბილეო თარიღი აღვნიშნეთ. უცხოეთიდან სტუმრები ჩამოგვივიდნენ და საიუბილეო სესია გავმართეთ.

© FB / Keti Mgaloblishviliქეთი მგალობლიშვილი
ქეთი მგალობლიშვილი - Sputnik საქართველო
ქეთი მგალობლიშვილი

- ამ ორგანიზაციას სასწავლო-საგანმანათლებლო ფუნქცია ჰქონდა…

— დიახ, ეს დიდი საგანმანათლებლო ფუნქცია მას ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როცა არანაირი მასწავლებლის სახლი და ტრენინგ-ცენტრები არ არსებობდა. იყო მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი, რომელიც მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს ატარებდა. ამან თავის დროზე ბევრი რამ გააკეთა. დღეს ჩვენი ორგანიზაცია კონკურს-ვიქტორინებს, ლექციებს, ვორქშოპებს, სემინარებს და კონფერენციებს ატარებს. ჩვენ პროექტთან „აღმოაჩინე საქართველო“- გვაქვს შეხება და მის ფარგლებში შეფობას ვუწევთ თბილისის 124-ე საჯარო სკოლას, რომელიც მოსკოვის პროსპექტზეა. ვგეგმავთ ექსპედიციებსა და ტურებს. შარშან ჩავატარეთ სკოლის მოსწავლეთა რესპუბლიკური ღონისძიება „გეოვიქტორინა-2017“, რომელშიც  მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასების მოსწავლეებმა.

© FB / Keti Mgaloblishviliგეოგრაფიული საზოგადოების მიერ მოწყობილი ტური
გეოგრაფიული საზოგადოების მიერ მოწყობილი ტური - Sputnik საქართველო
გეოგრაფიული საზოგადოების მიერ მოწყობილი ტური

- თქვენ როგორ შეაფასებთ- როგორ შეისწავლება დღეს სკოლებში გეოგრაფიის საგანი?

— მე უკვე 32 წელია, რაც ამ სფეროში ვარ და თითქმის ყველა სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს ვიცნობ. ზოგიერთ სკოლას გეოგრაფიის კაბინეტიც არ აქვს. მახსენდება არაჩვეულებრივი პედაგოგი, იროდი ჭანტურია, რომელიც ორთაჭალის 75-ე სკოლაში ასწავლიდა გეოგრაფიას და ისეთი კაბინეტი ჰქონდა, რომ ყველა მოდიოდა მის დასათვალიერებლად. უნიკალური გეოგრაფიული ხელსაწყოები, რუკები და მინერალების კოლექცია ჰქონდა. როცა  ეს კაცი გარდაიცვალა დირექტორმა ახალი მასწავლებლის წინააღმდეგობის მიუხედავად კაბინეტიდან ყველაფერი გამოიტანა და გადაყარა, ეს იშვიათი კაბინეტი სულ გააცამტვერა. ასევე არაჩვეულებრივად აღჭურვილი გეოგრაფიის კაბინეტები ჰქონდათ 147-ე სკოლის პედაგოგს დოდო ჯიბუტსა და 55-ე სკოლის პედაგოგს გია ჭანტურიას, რომელიც 75-ე სკოლისგან განსხვავებით დღესაც არის. საერთოდ მოსწავლეების ზოგადი ცოდნის დონე სკოლებში, სადაც სწავლა ფასიანია არაფრით ჯობია საჯარო სკოლისას. ზოგ სკოლაში გეოგრაფიის თეორიულ ცოდნას ვერ შორდებიან და მოსწავლეებმა ელემენტარულად კომპასის გამოყენება, გეგმით და რუკით ორიენტირება არ იციან.

© FB / Keti Mgaloblishviliქეთი მგალობლიშვილი
ქეთი მგალობლიშვილი - Sputnik საქართველო
ქეთი მგალობლიშვილი

- რას საქმიანობს ნორჩი გეოგრაფების სკოლა?

— ეს სკოლა გეოგრაფიის საზოგადოებასთან ფუნქციონირებს. საკვირაო სკოლას ჰყავს ამ საგნით დაინტერესებული მოსწავლეები, რომლებსაც ძირითადად საინტერესო თემებზე ლექციურ კურსს ვუტარებთ. მაგალითად, ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, როგორიცაა, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა, დაცლილი სოფლები საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალი. გვყავს მოწვეული ლექტორები, პროფესორები, შიგადაშიგ ვიქტორინებს ვატარებთ. ამას წინათ გეოგრაფიულ საზოგადოების წევრებს პროექტის „აღმოაჩინე საქართველოს“ ფარგლებში ლეჩხუმში ვახლდი. ვაწყობთ ცნობილ ადამიანებთან შეხვედრას.

- რომელ მოგზაურთან შეხვედრას გაიხსენებდით?

— მინდა ბატონ ჯუმბერ ლეჟავასთან შეხვედრა გავიხსენო. როდესაც თავის მოგზაურობებზე ყვებოდა ბავშვებმა ჰკითხეს: სახელმწიფო უწყებიდან არავინ გეხმარებოდათო? მან უპასუხა: სამწუხაროდ, არავინ მეხმარებოდა, მხოლოდ ჩემი მეგობრებიო. შეხვედრაზე მან მსოფლიო ველომოგზაურის რუკა მოიტანა რომელზეც ცნობილი მოგზაურობების მარშრუტები იყო დატანილი. ამ ლეგენდარულ კაცს 30 ტომად დაწერილი წიგნი ჰქონდა გამზადებული, რომელიც არავინ დაუბეჭდა, რადგან ამისთვის საჭირო თანხები ვერ გამოინახა. იმ პერიოდში ბატონი ჯუმბერი ჩინეთში გამგზავრებას აპირებდა და მოგზაურობისთვის საჭირო თანხას კაპიკ-კაპიკ აგროვებდა, მისთვის თითო ლარსაც კი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ შეხვედრის შემდეგ ბავშვები ცრემლიანი თვალებით მოვიდნენ ჩემთან და მკითხეს: როგორ დავეხმაროთო? მოვიფიქრეთ, რომ ბატონი ჯუმბერის რუკებს შევიძენდით. 40-მა ბავშვმა 10 ლარად იყიდა რუკა და ეს 400 ლარი მას გადავეცით. საოცრება ხდებოდა: იქით ის ტიროდა, აქეთ- ბავშვები, რომლებსაც ძალიან უხაროდათ, რომ მას რაღაცით მაინც დავეხარეთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,  თუნდაც ასეთი შეხვედრების გამო ღირს ამ სკოლის არსებობა. ახლა ზაფხულია და ვაპირებთ, რომ სამოგზაურო ტურები დავგეგმოთ. ამგვარ ტურებს- ბუნებაში „ჩატარებულ“ გაკვეთილებს დიდი პატრიოტული და აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს…

 

ყველა ახალი ამბავი
0