თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ" კანონი მიიღოს, რომლის მიზანიც შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობაა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
როგორ გავთბეთ 50%-ით უფრო იაფად — რუსული კომპანია საიდუმლოს საქართველოს უზიარებს >>
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობები. კანონპროექტის თანახმად, 2029 წლიდან ყველა ახალი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მოთხოვნებს.
როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, შენობების ენერგოეფექტიანობას მრავალი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაცია, ჰაერის, წყლის მიწის დაბინძურების შემცირება, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტის დონის გაზრდა, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება და ა.შ.
ახალი შენობის დაპროექტებისას, ან არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას კანონი მაღალეფექტიანი ალტერნატიული სისტემების გამოყენების შესაძლებლობას უშვებს, თუ მათი განხორციელება ტექნიკურად, ფუნქციურად, ეკოლოგიურად და ეკონომიკურად შესაძლებელია.
პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. პროექტი მთავრობის მიერ არის ინიცირებული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ევროკომისიის დელეგაციამ შენობების ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში იმსჯელეს.