თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა 20 წლის რ.გ. მოტოციკლის ქურდობის ფაქტზე, ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-მ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა >>
უწყების ცნობით, ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 ივნისს, ერთ-ერთ ღამის კლუბში ღონისძიებაზე მყოფი სტუმრის, დ.ლ.-ს კუთვნილი მოტოციკლი ამავე კლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. თუმცა, სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს.
მოპარული მოტოციკლი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, სატრანსპორტო საშუალება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.
ბრალდებული წარსულში ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანებისთვისაა ნასამართლევი.
საქმეზე გამოძიება ქურდობის ფაქტზეა დაწყებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.