თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ საქართველოში ყველაზე უჩვეულო პარტიული ყრილობა ჩაატარა: კოსტიუმებისა და ჰალსტუხების ნაცვლად — მაისურები და შორტები, პომპეზურობის ნაცვლად — პიკნიკი.
ზურაბ ჯაფარიძე საარჩევნო კამპანიას სამოქალაქო დაუმორჩილებლობით იწყებს? >>
ყრილობის მონაწილეები პარტიის ოფისის ეზოში შეიკრიბნენ, მუსიკის თანხლებით სვამდნენ ლუდს და მიირთმევდნენ მწვადს და გამომსვლელებს აპლოდისმენტებით ეგებებოდნენ.
ამ მხიარულ ატმოსფეროში პარტიის წევრებმა ყველა შესაბამისი პროცედურა ჩაატარეს და თავმჯდომარე აირჩიეს. ის იაგო ხვიჩია გახდა.
„პარტიის სჭირდება პოლიტსაბჭო, რომელიც ასევე ფორმალური სტრუქტურა არის და აქამდე იდეაში არასდროს არ დაგვჭირვებია. პოლიტსაბჭოში მინიმუმ ოთხი ადამიანი უნდა იყოს და წარდგენილი არიან ზურაბ ჯაფარიძე, ვახო მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია და მარიტა რატიანი. პარტიის თავმჯდომარე მე ვიყავი, მაგრამ ბოლო ორი თვე ვადა ამომეწურა“, — განაცხადა პარტიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიის ლიდერი აღარ იქნება.
„მე აღარ ვიქნები პარტიის თავმჯდომარე. ეს თემა მოხსნილია. ჩემი წინადადებაა ეს მძიმე ტვირთი ცოტა ხანი ატაროს იაგო ხვიჩიამ და ყველა დამეთანხმა“, — დასასრულს აღნიშნა ჯაფარიძემ.
თავად ხვიჩია პარტიის პოლიტიკაში არაფრის შეცვლას არ აპირებს.
„გირჩის“ სამომავლო გეგმები არ შეცვლილა იმის გამო, რომ თავმჯდომარე შეიცვალა. ეს ფორმალობაა. მე ისევ იმათ ვრჩები, ვინც ვიყავი, და ზურაც ასევე რჩება. დღეს კი გავერთოთ“, — განაცხადა ხვიჩიამ.
„პლანი მუშაობს": „გირჩმა" 3000-მდე წვევამდელი „დააბოლა" >>
პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი" 2015 წელს იმ პოლიტიკოსების ჯგუფმა ჩამოაყალიბა, რომლებმაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. პარტიის სიმბოლიკის ნაწილია მწვანე გირჩი თეთრ ფონზე, როგორც სიახლის სიმბოლო. ორგანიზაციის ერთ-ერთ მიზნად დასახელდა მარიხუანის შეძენის, შენახვის და მოხმარების ლეგალიზება.
2016 წლის ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს პარტიის აქტივისტებმა საკუთარ ოფისში კანაფი პირდაპირ ეთერში დათესეს. 11 დღეში პოლიციამ ამოიღო ქოთნები ამოსული მცენარით, თუმცა ხანგრძლივმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მოყვანილი "ბალახის" რაოდენობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის და დაპატიმრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
საქართველოში მარიხუანის ლეგალიზება მიუღებელია — წმიდა სინოდის სხდომის შედეგები >>
2017 წლის აპრილში პარტიამ წამოიწყო ახალი კამპანია, ამჯერად — სამხედრო გაწვევისგან ახალგაზრდების გათავისუფლებისათვის. პარტიის აქტივისტებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. ბოლო მონაცემებით, ხელისუფლებამ 4 300-ზე მეტი ადამიანი ვერ გაიწვია ჯარში, რადგან ისინი ამ ორგანიზაციის წევრები არიან.
ბოლო არაორდინარული ინიციატივა „გირჩის“ ლიდერებმა 2018 წლის დასაწყისში გაახმოვანეს. ამჯერად მათ საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ განაცხადეს.