თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე თავის თანამოსაყდრედ მეუფე შიო ოფიციალურად დაასახელა.
წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება. 2017 წელს მღვდელმსახურები 9 მარტსა და 11 ოქტომბერს შეიკრიბნენ. ბოლო სხდომიდან ერთი თვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ თავისი თანამოსაყდრე ელიზბარ მუჯირი – სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო გახდებოდა.
პატრიარქის თანამოსაყდრეობა ნიშნავს, უპირველესად, პატრიარქის ავადმყოფობის ან ქვეყნის დიდი ხნის დატოვების დროს მისი მოვალეობის შესრულებას. ამასთანავე, მოსაყდრეს ევალება პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, მართოს ეკლესია და მოამზადოს ახალი პატრიარქის არჩევნები.
„მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქისგან, როგორც მოსალოდნელი იყო. განიმარტა, რომ მეუფე შიო დასახელებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ (ცაავა) სხდომის დასრულების შემდეგ.
როგორც წლკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ზოსიმემ განაცხადა, სხდომაზე მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა.
მეუფე ზოსიმემ ასევე აღნიშნა, რომ სინოდის სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხსაც შეეხნენ.
„უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე სინოდმა მოისმინა ინფორმაცია, ეკლესია სწავლობს ამ საკითხს და მომავალში იქნება გამოტანილი დადგენილება“, – განუცხადა მეუფე ზოსიმემ ჟურნალისტებს.
„საპატრიარქოს საგანგებო განცხადება: მოსალოდნელია თავდასხმები ეკლესიაზე">>
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 22 აპრილს განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო იწყებს ქვეყანაში ერთიანი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნისთვის აუცილებელ პროცედურებს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა სასულიერო წინამძღვრების მიმართვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მჭიდროდ ითანამშრომლებს მართლმადიდებლურ ეკლესიებთან მათი ინფორმირებულობისა და კოორდინაციის მიზნით.
უკრაინაში ამჟამად მოქმედებს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც თვითმმართველი ეკლესიაა მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში, ასევე, მსოფლიო მართლმადიდებლობის მიერ არაღიარებული საეკლესიო სტრუქტურები – „კიევის საპატრიარქო“ და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია.