თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროში თავის ყოფილ ხელქვეითებს შეხვდა და მათ აქტიური და ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა, ნათქვამია უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ბახტაძე ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ოფიციალურად ოთხშაბათს გახდა. პარლამენტმა მას და მინისტრთა კაბინეტს გუშინ ნდობა გამოუცხადა.
„მინდა, თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. ვფიქრობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რა რეფორმებზეც ჩვენ ვიმუშავეთ – ნაწილი დავიწყეთ, ნაწილი დავაანონსეთ და უახლოეს პერიოდში შევა ძალაში, არის მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი უწყებისთვის“, – განაცხადა ბახტაძემ.
მან აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროში გამორჩეული პროფესიონალები მუშაობენ.
ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში იწყება დინამიკური და ინოვაციური, ამავდროულად, შედეგზე ორიენტირებული რეფორმების ახალი ეტაპი და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტრომ მათ რეალიზებაში კვლავ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის დეკემბრიდან ჩაუდგა სათავეში, მანამდე ის „საქართველოს რკინიგზას“ ხელმძღვანელობდა.
პრემიერის პოსტზე მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებად ბახტაძემ დაასახელა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ფუნდამენტური რეფორმების გატარება განათლების სისტემაში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მცირე და მოქნილი მთავრობის შექმნა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
ბახტაძის მთავრობის პროგრამის მიხედვით, სამინისტრობის რაოდენობა 14–დან 11–მდე შემცირდება.