ვის თამაშს ითამაშებს მამუკა ბახტაძე: ახალი პრემიერის ახლო და გრძელვადიანი გეგმები

© Sputnik / STRINGERმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ იქნება მამუკა ბახტაძის გუნდში და რომელი სამინისტროების გაუქმებას გეგმავს „ქართული ოცნება“.

როგორ დაამარცხებს საქართველოს ახალი, ახალგაზრდა და ენერგიული პრემიერი ჭარბვალიანობას, გაზრდის პენსიებს, შეკვეცავს მთავრობას და ჩადებს დამატებით ინვესტიციებს განათლებაში? ეს ის საკითხებია, რაზეც 20 ივნისს დამტკიცებულმა მთავრობის მეთაურმა პირობა მოგვცა. სხვათა შორის, პენსიის 20-20 ლარით გაზრდა სულაც არაა სახუმარო საქმე და ამას საქართველოს ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხების მობილიზება სჭირდება. თუმცა ექსპერტები უფრო ახლო მომავალზე უფრო ბევრს ფიქრობენ. ახლა ორი მთავარი საკითხი დარჩა გასარკვევი — ვინ იქნება სამი კვირის შემდეგ წარმოდგენილ მთავრობაში და სამინისტროები, რომლებიც შემცირება–შეკვეცა–რეორგანიზაციაში მოყვებიან.

საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გასცეს. ეს, როგორც ჩანს, იმის შედეგიცაა, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებები არაა მიღებული. საინტერესოა, რა ინფორმაცია ვრცელდება ჯერჯერობით საპარლამენტო უმრავლესობაში და რა მოლოდინები აქვთ ექსპერტებს.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, როგორც ჩანს, ჯერ არ იცის, რომ მომავალ მთავრობაში აღარ იქნება, თუმცა მან დაადასტურა, რომ მის მომავალ პოზიციასთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს. წყაროები პარლამენტიდან ირწმუნებიან, რომ წულუკიანის პოსტს პრემიერის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე დაიკავებს. თუმცა ჯერჯერობით გამოსარიცხი არაა არც თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძის პირველი განცხადება პრემიერ-მინისტრის რანგში

ასევე შეიცვლება პრემიერ კვირიკაშვილთან ასოცირებული განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მისი გუნდი. შიდა სახელისუფლებო წყაროების ინფორმაციით, სწორედ განათლებაზე გაამახვილებს მამუკა ბახტაძე განსაკუთრებულ ყურადღებას და აქ მოსალოდნელია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერის გამოჩენა. ის, რომ კულტურა, განათლება და სპორტი ერთ უწყებად გარდაიქმნება, სულაც არაა საოცარი მოვლენა. არიან ქვეყნები, რომელთაც გაცილებით კომპაქტური მთავრობები ჰყავთ, მთავარი აქ მაინც ფუნქციების სწორი დელეგირება და კადრების სწორად შერჩევაა. ასევე მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად სწორად გადანაწილდეს რესურსები, რომელთაც სახელმწიფო აიპებსა და სიპებში დებს და რომელთა მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია.

უკვე ცნობილია, რომ დევნილთა სამინისტროს ფუნქციები ორ სამინისტროში გადანაწილდება — სოციალურ დახმარებებს ჯანდაცვა გასცემს, მშენებლობებს კი ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუძღვება.

მოსალოდნელია ასევე შერიგების სამინისტროს გაუქმება, რომელიც რეალურად მაინც არასამთავრობო ორგანიზაციის დონეზე არსებობდა. სამინისტროს ფუნქციების შეთავსება შესანიშნავად შეუძლია პრემიერის თუნდაც ერთ სოლიდურ მრჩეველს კონფლიქტების საკითხებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ტექნიკური მთავრობა, გაურკვევლობა ხელისუფლებაში და ვადამდელი არჩევნების მოლოდინი

ჯერ კიდევ არაა გარკვეული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბედი. მთავარი მიღწევები, რითიც ხელისუფლება ევროპულ სტრუქტურებში ამაყობს, სწორედ ამ სამინისტროს საქმიანობას უკავშირდება და მისი ჩვეულებრივი დეპარტამენტის სახით მექანიკური მიერთება ისედაც თავკომბალა იუსტიციის სამინისტროსთან მეტად დიდ პრობლემებს წარმოშობს.

პრემიერის გუნდის წევრები და დასავლეთიდან მოწვეული ადამიანები იქნებიან წარმოდგენილი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების პოსტებზე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სრულიად სამართლიანად ამბობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურების შერწყმა, რაოდენ დაჩქარებული წესითაც არ უნდა მოხდეს ის, სამ კვირაზე ბევრად მეტ დროს დაიკავებს და ამასობაში კარს საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების ვადაც მოგვიკაკუნებს. ჯერ კიდევ ბევრია სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იქნება, თუმცა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს რომ გაცილებით დიდი უფლებები და ძალაუფლება აქვს, ეს უკვე კვირიკაშვილის მოულოდნელმა გადადგომამაც გვიჩვენა. დაუჯერებელია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი თეა წულუკიანი გახდეს. მას უფრო საფრანგეთში საქართველოს ელჩის პოსტს უწინასწარმეტყველებენ, თუ თეა წულუკიანმა პოლიტიკური ბრძოლა არ გადაწყვიტა.

პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების უფრო დიდი შანსი სოზარ სუბარსა და მაია ცქიტიშვილს აქვთ. თუმცა აქაც გასათვალისწინებელია, რომ მაია ცქიტიშვილის აბსოლუტურად შეუბღალავი რეპუტაცია მას უპირატესობას ანიჭებს. სოზარ სუბარის სახელი კი, ნებსით თუ უნებლიეთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას დაუკავშირდა.

ყველა შემთხვევაში საქართველოს ცხელი პოლიტიკური ზაფხული ელოდება. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, გულწრფელად წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდა პრემიერს, რადგან ბანკების შავ სიაში მოხვედრილი 630 ათასი საქართველოს მოქალაქის დახსნა, ჭარბვალიანობის დამარცხება და პენსიონერების საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა ის პრიორიტეტებია, რომელთა გადაჭრის შემთხვევაში მამუკა ბახტაძე ღირსეული პრემიერის სახელს დაიმკვიდრებს საქართველოს ისტორიაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0