თბილისი, 20 იავნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის პირველი ინიციატივა იქნება მინისტრთა კაბინეტის წევრების 14-დან 11-მდე შემცირება, განუცხადა ჟურნალისტებს ბახტაძემ მისი მთავრობისა და პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ.
საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს გამოუცხადა ნდობა მამუკა ბახტაძეს, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.
პასუხისმგებლობას აცდენილი ძალაუფლება, ანუ ამბავი წასვლა-მოსვლისა >>
„ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენთ, იქნება მცირე მთავრობის კონცეფცია, რაც გულისხმობს სამინისტრო ერთეულების 11 სამინისტრომდე დაყვანას, რომ მე საშუალება მომეცეს უმოკლეს ვადაში, დაახლოებით 3 კვირაში წარმოვადგინო უკვე განახლებული კაბინეტი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ჩემთან ერთად იმ პროგრამის შესრულებაზე, რაც წარმოვადგინეთ“, — განაცხადა ბახტაძემ.
ამავე დროს ბახტაძეს არ დაუზუსტებია, რომელიც სამინისტროები გაუქმდება.
„ახალ კაბინეტში აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვაქვს მიღებული თანხმობები ძალიან საინტერესო კადრებისგან. საუბარია პროფესიული წრეებიდან წამოსულ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კვალიფიკაცია და ხედვა, რომ ჩვენ ყველამ ერთად განვახორციელოთ რეფორმები, წარმატებული ტრანსფორმაცია ჩვენი ეკონომიკის და ყველა იმ სფეროში, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის“, — განაცხადა ბახტაძემ.
დღეისათვის საქართველოში 13 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრია. სამინისტროების რაოდენობის ბოლო შემცირება გასული წლის დეკემბერში მოხდა.