საკმევლის კვამლში დანახული ფიგურები, ანუ გზა ტაძრიდან ხელოვნებამდე

© photo: courtesy of Maka Natsvlishviliმამა ანდრია ნაცვლიშვილი
მამა ანდრია ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ ახლახან გალერეა „ვაჩეში“ ერთი უჩვეულო გამოფენა გაიმართა – აქ სასულიერო პირის, დეკანოზ მამა ანდრია ნაცვლიშვილის ნახატები გამოიფინა.

მამა ანდრია მახათას მთაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე აგებული მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძრის წინამძღვარია.

© photo: courtesy of Maka Natsvlishviliმამა ანდრია ნაცვლიშვილი
მამა ანდრია ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
მამა ანდრია ნაცვლიშვილი

– მამა ანდრია, თქვენთვის რა არის ეს გამოფენა — ამ გზით თქვენი სულიერების გარეთ გამოტანა?

— რასაკვირველია, ასეა… პირველ რიგში ადამიანმა უნდა დაინახოს მოყვასის სიყვარული, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია სიყვარულზე. რა სიყვარულით დაინახავ და მოიწონებ იმ სამყაროს, რომელსაც მხატვარი გაჩვენებს და როგორ იგრძნობ, რომ ამით სულიერად იზრდები. თავად უფალმა კაცობრიობას საკუთარ თავზე აღებული ტანჯვა აჩვენა, მაგრამ ამის მერე თავისუფლებაც დაანახა, ანუ ცათა სასუფეველი, სადაც მხოლოდ ადამიანის სიყვარულია… როცა შენს ნაწარმოებს ნებისმიერი ადამიანი გაითავისებს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს…

– ხატვის ნიჭი როდის გამოავლინეთ პირველად?

— ბავშვობიდან ვხატავდი და პირველი ყურის აწევა მასწავლებლისგან მეხუთე კლასში სწორედ ხატვის გამო ვიგემე. იცით, რატომ? მას ეგონა, რომ მეგობრის ნახატი მივითვისე და ამის გამო დამსაჯა. იგი ჩემ მეგობარს ასწავლიდა ხატვას და მისაყვედურა, რატომ წაართვი ჩემ მოსწავლეს ნახატიო. ვერ დაიჯერა, რომ ასე კარგად ვხატავდი. როცა სიმართლე გაარკვია, ამის მერე ჩემ მიმართ მოწიწებით იყო და განსაკუთრებულ სითბოს ავლენდა…

© photo: courtesy of Maka Natsvlishviliმამა ანდრია ნაცვლიშვილის შემოქმედება
მამა ანდრია ნაცვლიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
მამა ანდრია ნაცვლიშვილის შემოქმედება

– ხელოვნებას ტაძარში მსახურობის დროს დაუბრუნდით?

— საოცარია, მაგრამ როცა საკურთხეველში ვიყავი და საკმეველს კვამლი ამოსდიოდა, ამ კვამლში რაღაც კონტურებს და ფიგურებს ვარჩევდი… ამ ამბისგან ჯერ გაოცებული ვიყავი, მაგრამ მერე მსგავსი რამ რამდენჯერმე გამეორდა. ამის მერე ხატვის სურვილი გამიძლიერდა და ნელ-ნელა დავიწყე საღებავების, ფუნჯის და სახატავი ქაღალდის ყიდვა… სანამ ხატვას დავიწყებდი, სულ ვფიქრობდი რა და როგორ უნდა დამეხატა. მერე ღმერთმა ახალი გზა დამანახა და ალბათ ამიტომაა, რომ ჩემ ნახატებსაც განსხვავებული მიმართულება აქვს. მე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე, მერე აკადემიაში ვაბარებდი და რუსეთშიც ვსწავლობდი. თბილისში როცა დავბრუნდი, ტაძარში დავიწყე მსახურობა. ხატვის სურვილი შინაგანად ყოველთვის მქონდა და ალბათ უფალმა ეს დაინახა და მაგრძნობინა. გამჩენი თავადაა ხელოვანი და ადამიანს რა ნიჭსაც უბოძებს, მან ეს ნიჭი უნდა გამოიყენოს.

– რომელ ქვეყნებშია თქვენი ნამუშევრები?

— ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნებშია, მათ შორის რუსეთსა და გერმანიაში. 90-იან წლებში გერმანიაში ხშირად დავდიოდი და ჩემი ნახატები იქ ბევრ კერძო კოლექციაშია. მათ დღემდე უკვირთ, რომ, ჯერ ერთი, ეკლესიის მსახური ხატავს და მეორე — ასე კარგად რომ ხატავს. ხშირად ხმამაღლა კითხულობენ, ეს მართლა ორიგინალიაო. ახლა საუბარი მიდის ერთ გამოფენაზე, რომლის გამართვის სურვილი გერმანელებმა გამოთქვეს. ზუსტად როდის იქნება, ვერ გეტყვით, ალბათ, სადღაც თვე-ნახევარში გადაწყდება…

© photo: courtesy of Maka Natsvlishviliმამა ანდრია ნაცვლიშვილის შემოქმედება
მამა ანდრია ნაცვლიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
მამა ანდრია ნაცვლიშვილის შემოქმედება

– მამა ანდრია, ყველაფერთან ერთად ხელოვნება ხომ კათარზისია?

— გეთანხმებით, ნამდვილად ასეა… ხელოვნება კიდევ ის სიხარულია, რასაც შენი შრომით და ნააზრევით სხვებს უზიარებ. სიხარულზე მოგახსენებთ: რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და იქ ადამიანები ქუჩაში რომ დგანან, სახე უბრწყინავთ და ერთმანეთს სიყვარულით და სითბოთი ესაუბრებიან. გული მწყდება, რომ მსგავს რამეს ჩვენთან ვეღარ ნახავ. აქ მარტო დაღვრემილი სახეებია და ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს თათხავენ. არადა, ჩვენ რაღაც სხვანაირი ხალასი სითბო და სიყვარული ვიცით. ძალიან მინდა, რომ ერთ დღეს ყველაფერი დავიბრუნოთ. თუ ჩემი ნამუშევრებით ერთ ადამიანს მაინც მივანიჭებ სიხარულს, მასში მადლს და წყალობას დაინახავს, ბედნიერი ვიქნები…

 

ყველა ახალი ამბავი
0