გზა წარმატებისკენ – თვითნასწავლი დიზაინერის დახვეწილი ნამუშევრები

გამოწერა
თბილისში ქართული ჩანთების ბრენდი Deiko Handmade გამოჩნდა, რომლის სულისჩამდგმელი დეა ქერქაძეა. დეა ქართველ ქალბატონებს უახლესი დიზაინით შექმნილ ჩანთებს სთავაზობს.

ჯერჯერობით ჩანთების რეალიზება მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდება, თუმცა ბრენდის დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში მაღაზია გაიხსნება და მისი დიზაინით შექმნილი ჩანთები უცხოეთშიც გავა ექსპორტზე.

© FB / Deiko Handmadeჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

— ჩემი ახლანდელი საქმიანობა ძალიან განსხვავდება ჩემი პროფესიისგან. ადმინისტრაციული მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ.

– როდის გადაწყვიტეთ ჩანთების წარმოება დაგეწყოთ?

— თინეიჯერობის ასაკიდან მოყოლებული ხშირად მივმართავდი მკერავს, რომ ჩემი დიზაინით შემექმნა ტანსაცმელი. მინდოდა ყოველთვის განსხვავებულად ჩამეცვა. ყველაფერში ჩემი შტრიხები შემქონდა. ეს  იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, რომ გადავწყვიტე, ჩემი დიზაინით რამე შემექმნა. თავდაპირველად აქსესუარებით დავიწყე. დაახლოებით ორი წლის წინ ქამრები შევკერე, შემდეგ ხისა და ტყავის მასალისგან სამკაულების შექმნა დავიწყე. დღეს უკვე ჩანთებს ვკერავ. დიზაინის მოფიქრება და შემდეგ შექმნის პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს და კიდევ უფრო სასიამოვნოა, როცა ჩემი ნამუშევრები მოწონებას იმსახურებს.

პრაქტიკული ნივთები მიყვარს, რაც ჩემ ნამუშევრებსაც ეტყობა. ჩემი პირველი ჩანთაც სწორედ ასეთი იყო. პირველად წელის წითელი ჩანთა შევკერე. იმ პერიოდში ტრენაჟორებზე ვვარჯიშობდი, ძალიან ვიღლებოდი. ამ დროს კი ქუჩაში წელის ჩანთით სიარული მოსახერხებელი იყო. ამას დაემატა ისიც, რომ ძალიან ლამაზი გამოვიდა და ადამიანების ყურადღებას იქცევდა.

© FB / Deiko Handmadeჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

– მარტო უძღვებით ამ საქმეს?

— პარტნიორი არ მყავს. ჩემი ხელით ვაკეთებ ყველაფერს. თუმცა მყავს დამხმარე ქალბატონი. საქართველოში გემოვნებიანი ხალხი ცხოვრობს. დღეს აქტუალურია ხელნაკეთი ნივთები. დღეს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ქმნის პროდუქტს, თუმცა ყველას ჩვენ–ჩვენი ნიშა გვაქვს და ჩვენივე მომხმარებელი გვყავს.

– გახსოვთ თქვენი პირველი ჩანთა ვინ შეიძინა?

— როგორც მოგახსენეთ, ორი წლის წინ ვვარჯიშობდი. იქ მსახიობი ხატია ბრაჭული გავიცანი, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩემი წითელი ჩანთა და მთხოვა მისთვისაც შემეკერა. სწორედ ასე შეიქმნა იდეა, ხელი მომეკიდა ამ საქმისთვის.

© FB / Deiko Handmadeჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

– რა მასალით იქმნება თქვენი ჩანთები?

— მე ვმუშაობ ხეზე, ტყავზე, ხავერდზე და სხვადასხვა ქსოვილზე დიზაინის შესაბამისად.

– სად შეიძლება „დეიკოს“ ჩანთების შეძენა?

— მაღაზია ჯერჯერობით არ მაქვს. ინტერნეტის საშუალებით ვუკეთებ რეალიზაციას. საზღვარგარეთაც მყავს მომხმარებელი, მაგრამ ძირითადად მაინც საქართველოში იყიდება.

– როცა ამ საქმეს იწყებდით, ელოდით წარმატებას?

— ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო, მაგრამ ველოდი წარმატებას და, თქვენ წარმოიდგინეთ, უფრო დიდი წარმატების იმედიც მაქვს.

© FB / Deiko Handmadeჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

– რა თვისებები გეხმარებათ წარმატების მიღწევაში?

— მიზანი, იდეა, შრომა, შრომა და კიდევ შრომა. ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ ცოტაოდენ იღბალს, საუკეთესო კოქტეილია.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— გეგმები და მიზნები დიდი მაქვს. პირველ რიგში ვგეგმავ მაღაზიის გახსნას, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს და შეიძინოს ჩემი პროდუქცია. ასევე ძალიან მინდა გამოფენის მოწყობა. მსურს გავაფართოვო ჩემი ხედვის არეალი და  მომხმარებელს ყოველ ჯერზე საინტერესო სიახლე შევთავაზო.

 

ყველა ახალი ამბავი
0