თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი კიევის კამერული სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალის AndrivivskyFest დახურვაზე წარდგება.
ფესტივალს 18-24 ივნისის პერიოდში კიევის აკადემიური თეატრი „კოლესო" მასპინძლობს. AndrivivskyFest-ი უკვე მეორე წელია წარმოადგენს უკრაინის დედაქალაქის არა მარტო სიამაყეს, არამედ იგი ხელს უწყობს კიევის თეატრალური რუკის გაფართოებას.
წელს საქართველოსთან ერთად ფესტივალში მონაწილეობენ ცნობილი თეატრალური კოლექტივები უკრაინიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან, საფრანგეთიდან, ბელარუსიდან, საბერძნეთიდან, ესტონეთიდან და ბელგიიდან.
მარჯანიშვილის თეატრს კიევში ამერიკელი დრამატურგის ნილ საიმონის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „მამაკაცები" მიაქვს, რომლის რეჟისორიც ციცინო კობიაშვილია.
დადგმის სიუჟეტი ეხება ქალისა და მამაკაცის სამყაროთა ურთიერთობის მარადიულ თემას. ქალებს ყოველთვის აინტერესებთ, რაზე საუბრობენ მამაკაცები, როდის იკრიბებიან ერთად, როგორ ერთობიან, როგორი შეხედულება აქვთ სიყვარულსა და ოჯახზე და, რაც მთავარია, რა საიდუმლოს უმალავენ მათ.
სპექტაკლის პრემიერა თბილისში 2014 წელს გაიმართა. მასში მონაწილეობენ დიმიტრი ტატიშვილი, თემო კილაძე, ზაზა გოგუაძე, ზურაბ ბერიკაშვილი, ონისე ონიანი, ვასიკო ოდიშვილი, ანა სანაია და სხვები.
AndrivivskyFest-ზე გასულ წელს მონაწილეობდა თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო თეატრი სპექტაკლით „იავნანა ომს".